“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას პროცესების გასაწელად იყენებს.
მისი თქმით, ნიკა მელიას საქმეზე ბრალდების მხარემ სხვა სტრატეგია შეიმუშავა და მტკიცებულებების გამოკვლევა იმ ვიდეომასალებით დაიწყო, რაც საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი.
„საუბარია სხვადასხვა ტელევიზიებიდან გამოთხოვილ სიუჟეტებზე, რომელიც შეეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს. ეს ყველაფერი პროკურატურას აძლევს დროს, რომ ეს პროცესი გაიწელოს.
გარკვეულ უხერხულობა არის, ეტყობა, არ უნდა იმ ხალხის, მოწმეების და “დაზარალებულების” მოყვანა, ვინც ფაქტობრივად ერთი და იმავეს ამბობს, თითქოს ნიკა მელია რაღაც გადატრიალების ორგანიზატორი იყო.
ამიტომაც, მოძებნეს ასეთი ხერხი, მართალია, მათ კანონით ამის უფლება აქვთ, თუმცა, ვერ დამისახელებთ პროცესს, სადაც იყოს ასეულობით მოწმე, დაზარალებული და ბრალდების მხარე იწყებდეს მტკიცებულებების გამოკვლევას იმ ვიდეოსიუჟეტების დემონსტრირებით, რომელიც საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი და რომელიც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გავლენას არ იქონიებს ბრალდების თემატიკასთან.
ეს ვიდეო სიუჟეტები ჩვენც წარდგენილი გვაქვს, მეტსაც გეტყვით, ის რაც რეალურად იყო მნიშვნელოვანი საქმისთვის, ანუ პარლამენტის გარე სათვალთვალო და შიდა სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები წაიშალა, მისი ამოღება ვერ შევძელით, ის ასევე, არ არის ამოღებული პროკურატურის მხრიდან. ეს იყო ზუსტად, ძალიან მნიშვნელოვანი და არა ის სიუჟეტები, რომლებიც ტელევიზიებში იყო გასული”, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმეზე დასაკითხი მოწმეების უმეტესობა ძალოვანი უწყების თანამშრომელია.