საქართველოს გენერალური პროკურატურის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დააკავა. ინფორმაციას უწყება მთავარ გვერდზე ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პროკურორმა დ.შ-მ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ეჭვმიტანილი პროკურორის ქრთამის აღების დროს დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა მიმართავს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
“გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა კორუფციულ დანაშაულზე ახორციელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას და შეურიგებელია მსგავსი ხასიათის დანაშაულების, მათ შორის, განსაკუთრებულად პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის მიმართ და ზემოხსენებული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, პროკურატურას ექნება უმკაცრესი რეაგირება” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს