“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე გადაწყდება, თუ რა ფორმით გაგრძელდება აქციები.
უდუმაშვილის თქმით, აქციები იქნება სახეშეცვლილი, ფორმაშეცვლილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქციებს შეწყვეტენ.
რაც შეეხება შეთანხმების მზაობას, უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით, არანაირი პერსპექტივა ჩანს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.
“აქციები და პროტესტი გაგრძელდება. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა გამოვხატოთ პროტესტი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ არანაირი პერსპექტივა არ ჩანს იმის თაობაზე, რომ ეს შეთანხმება შედგება, გამომდინარე იმ რიტორიკიდან, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა.
აქციები გაგრძელდება, უბრალოდ, ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, რომ კიდევ დამატებითი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, თითქოს ოპოზიცია ცდილობს შეთანხმების ჩაშლას.
შეთანხმება და აქციები ერთმანეთთან კავშირში არანაირად არ არის და არცერთი სიტყვა არ თქმულა შეხვედრაზე იმის თაობაზე, რომ აქციები უნდა შეწყდეს.” – თქვა უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი არ დაწყებულა და როდესაც დაიწყება, შემდეგ გადახედავენ სამოქმედო გეგმას.
6-პუნქტიანი დოკუმენტი ოფიციალური არ არის, ოპოზიცია ამ მოთხოვნებს აქამდეც აყენებდა: მამუკა მდინარაძე
