რუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფში.
“ახლა 300 000-დან 222 000 ადამიანია მობილიზებული. ვფიქრობ, დაახლოებით ორ კვირაში ყველა სამობილიზაციო აქტივობა დასრულდება,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, თავდაცვის სამინისტროდან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება არ წამოსულა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.
