LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის მეოთხე ვადა – კრემლის სამომავლო ინტერესები კავკასიასა და დანარჩენ მსოფლიოში

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას კიდევ ერთხელ შეუდგა. როგორც ცნობილი ხდება, პუტინის მეოთხე ვადის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი კავკასია იქნება, მისი ძირითადი მიზანი კი, პოსტსაბჭოთა სივრცის ისევ რუსეთის გავლენაში მოქცევა. კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო, რის შემდეგაც ის უკვე მეოთხედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია.

ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე კვლავ დიმიტრი მედვედევი წარადგინა, ამ უკანასკნელის კანდიდატურას ახლა რუსეთის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობა გადადგა, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

 

 

იქნება თუ არა სერიოზული ძვრები რუსეთის საგარეო პოლიტიკაში?!

პოლიტოლოგთა ნაწილი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ძირეულ ცვლილებებს არ პროგნოზირებს. “ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები

საერთაშორისო ასპარეზზე. პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე კი „ფორტუნასთან“ იმ ძირითად ასპექტებს ასახელებს, რომელმაც შესაძლოა, რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენა იქონიოს. მათ შორის არის სანქციები, ნავთობის ფასი, სირიის ფაქტორი და ა.შ.

რამაზ საყვარელიძე ვლადიმერ პუტინის მხრიდან არც “კონფლიქტებში შემრიგებლის როლის” მორგებას გამორიცხავს.

 

მემგონი, კავკასიის მიმართულებით იქნება ცვლილებები, მე არ ვგულისხმობ იმ ცვლილებას, რომ დავუშვათ ხელმეორე ომი ან სხვა რამე უბედურება, რადგან რუსეთს უკრაინის ომმა დაანახა, რომ მსოფლიო აღარ აპირებს მის აგრესიულობასთან შერიგებას. მეეჭვება, რომ რუსეთმა თავის ატკივება კიდევ მოისურვოს. უფრო მგონია, რომ თავის ბოლო ვადაში პუტინმა იმ კონფლიქტების მომგვარებლის გვირგვინი უნდა დაიდგას, რომელიც კავკასიაშია,“ – ამბობს საყვარელიძე „ფორტუნასთან“.

 

კიდევ ერთი პოლიტოლოგი, გიორგი კანაშვილი რუსეთის ბევრად უფრო მასშტაბურ საგარეო პოლიტიკას აანონსებს. მისი აზრით, საქართველო და ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც უფრო პერიფერიული საკითხებია.

 

„არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის ჩინეთთან და აშშ-სთან ურთიერთობა. კავკასია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ესაზღვრება რუსეთის ყველაზე პრობლემურ ნაწილს, ჩრდილოეთ კავკასიას, შესაბამისად, მათი გავლენის სფეროში შედის, მაგრამ რუსეთი უფრო გლობალური მიზნებით არის დაკავებული. კავკასია, რასაკვირველია, არის რუსეთის ინტერესის სფერო, საკუთარი ინტერესების დათმობას არც ახლა აპირებს,“ – ამბობს გიორგი კანაშვილი.

 

რუსეთის სტრატეგია პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ

დიდი ხანია, ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის ფოკუსს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები წარმოადგენენ. გარდა უკრაინისა, პუტინი ნაწილობრივ სირიის კონფლიქტური საკითხებისკენ გადაერთო. ამ მიმართულებით, კახა გოგოლაშვილის აზრით, მაქსიმუმი, რისი მოპოვებაც პუტინს შეეძლო, მოიპოვა.

 

„ასე რომ, მისი ფოკუსი, რა თქმა უნდა, არც შესუსტებულა, ალბათ, უფრო გაძლიერდება, განსაკუთრებით საქართველოს მიმართულებით,“ – ვარაუდობს გოგოლაშვილი.

 

გოგოლაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საქართველო ევროპეიზაციის ლიდერად არის გამოცხადებული, ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას მარტივად არ დათმობს. თავისთავად, არც ნატო აპირებს, საქართველოზე გავლენა რუსეთს დაუთმოს. გოგოლაშვილის აზრით, სწორედ ეს ფაქტორი შესაძლოა, დამაპირისპირებელი გახდეს.

 

„რა თქმა უნდა, უნდა მოველოდეთ იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ნატოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც. ამ ორ ძალას შორის, დასავლეთსა და რუსეთს შორის, გეოპოლიტიკური განსხვავებების გამო იქნება დაპირისპირებაც,“  – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

 

რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას რუსეთი არ აპროტესტებს. მისი თქმით, ევროკავშირისკენ გადადგმულ არცერთ ჩვენს სვლას რუსეთის მხრიდან სადამსჯელო ნაბიჯები არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ანალოგიურ ფაქტს საპასუხო რეაქცია მოჰყვა – ისეთი სადამსჯელო პროცესი, რომელიც ახლაც გრძელდება. საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით რუსეთის პოლიტიკას საქართველოში სტერეოტიპულად უყურებენ.

გიორგი კანაშვილის შეფასებით, საქართველოს ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ამ ეტაპზე ძალიან ბუნდოვანია, ეს კი ის მიზეზია, რის გამოც რუსეთის მხრიდან ძირეული ცვლილებები არ უნდა ვივარაუდოთ. ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში თვისობრივ სიახლეებს არ ელოდებიან.

 

„ალბათ, სამწუხაროდ, ჩვენ შორის იქნება კონფლიქტით და ოკუპაციით გამოწვეული იმგვარი ტრადიციული მოვლენები, როგორიც იყო, მაგალითად, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას შემთხვევები. ამგვარი ინციდენტები პერიოდულად ხდება ხოლმე, ზოგან ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ, არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ესკალაციაში გადაიზარდოს. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით იგივე ტიპის ეკონომიკური ურთიერთობები შენარჩუნდება, ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის რუსეთის უვიზო რეჟიმი,“ აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

 

რაც შეეხება რუსეთ-სომხეთის მომავალ ურთიერთობებს, პოლიტოლოგების აზრები, ამ მიმართულებით, იყოფა. კახა გოგოლაშვილი სომხეთში მომხდარ ხავერდოვან რევოლუციას ევროკავშირის პოლიტიკის გაძლიერებას მიაწერს, რომელმაც, მისი თქმით, სომხეთის საზოგადოებაში დემოკრატიის მიმართ მოთხოვნა გამოაღვიძა. მისივე პროგნოზით, ევროკავშირი სომხეთთან ახლო ურთიერთობას გააგრძელებს – დაეხმარება რეფორმების გატარებასა და დემოკრატიის განვითარებაში, რაც, პოლიტოლოგის შეფასებით, რუსეთს არ აწყობს.

 

„უახლოეს მომავალში რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესებას, ან გაუმჯობესებას, არ უნდა ველოდეთ,“ – ასეთია გიორგი კანაშვილის ვარაუდი.

 

კანაშვილის აზრით, სომხეთის ახლადარჩეული პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი შეეცდება, ქვეყნის შიგნით დემოკრატიული რეფორმები გაატაროს და ის ამ პრიზმით შეძლებს დასავლეთთან ურთიერთობის მაქსიმალურად იდენტიფიცირებას, როგორც ახალგაზრდა დემოკრატი, რომელიც ქვეყანაში ძირეული საკითხების შეცვლას ცდილობს. ეს ფაქტორი კი, პოლიტოლოგის ვარაუდით, რუსეთისთვის დამაბრკოლებელი გახდება.

 

„თუ ფაშინიანი ამ მიმართულებით წარმატებული იქნება და სომხეთიც უფრო დემოკრატიული გახდება, შეიძლება, ამან რუსეთთან ურთიერთობა გაართულოს და გარკვეული ბზარებიც გააჩინოს,“ – ამბობს გიორგი კანაშვილი.

 

რაც შეეხება ბელორუსიას, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ქვეყანა რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის გამო განაწყენებულია, რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ რუსეთი თავად ემიჯნება ბელორუსიას და ამის თვალნათელი მაგალითი კიდევ ახალი სანქციებია. თუმცა, ამ მხრივ, საყვარელიძე რუსეთის მხრიდან ბელორუსიის მიმართულებით აგრესიულ პოლიტიკას არ ელის. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბელორუსიაში ცხოვრების დონე დამაკმაყოფილებელია, ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე რაიმე ცვლილებებმა იჩინოს თავი, ყველაზე ნაკლებადაა სავარაუდო.

თავის მხრივ, ბელორუსიის პოლიტიკურ ლოიალობას რუსეთის მიმართ გიორგი კანაშვილი იმ ეკონომიკური სიკეთეებით ხსნის, რომელსაც ბელორუსია პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად, რუსეთისგან იღებს.

 

ურთიერთობა დასავლეთთან და აშშ-სთან

რუსეთის დასავლეთთან და აშშ-სთან სამომავლო ურთიერთობის შეფასებისას, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დიდი ხანია, მსოფლიო ასეთი არაპროგნოზირებადი არ ყოფილა. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რამაზ საყვარელიძე ამ „არაპროგნოზირებადობის“ მთავარ მიზეზად რუსეთს ასახელებს და არგუმენტად ვლადიმერ პუტინის ფრაზას იშველიებს, რომლის მიხედვით, მსოფლიოში ქაოსია, ამ ქაოსის ავტორი კი თავად რუსეთია.

გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ, ერთის მხრივ, რუსეთი, მეორეს მხრივ კი, დასავლეთი ერთმანეთს პრობლემად აღიქვამენ. ამ ჯაჭვური რეაქციის შედეგი კი ქაოსი და დასავლეთის მიმართულებით რუსეთის არაპროგოზირებადი საგარეო პოლიტიკაა. კახა გოგოლაშვილი კი, განსაკუთრებულ აქცენტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და შტატების ადმინიტრაციის სიხისტეზე სვამს. ამ მხრივ, გოგოლაშვილი მაინცდამაინც დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყოველდღე იმით არის დაკავებული, რომ ამერიკას მტრად აცხადებს, განადგურებით ემუქრება. ალბათ, მომავალი წლების განმავლობაში ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის კიდევ უფრო დაიძაბება,“ – ამბობს გოგოლაშვილი.

 

თათია კაკიაშვილი

mazda magti 5g