LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინმა ჰიტლერის სტრატეგია გამოიყენა და სიმბოლურია, რომ ისიც დილის 4 საათზე დაესხა თავს უკრაინას“ – რა სამხედრო ამოცანები აქვს რუსეთს?

180
fortuna.ge - 2022-02-24T190653.067

უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხებში ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, უკრაინაზე თავდასხმისას, პუტინის შეიარაღებული ძალების ამოცანა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. როგორც მან რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში – „კვირის თემაში“ აღნიშნა, თუ რუსეთის სტრატეგიიდან გამომდინარე შევაფასებთ, პირველი მომენტი იყო, როგორმე ოკუპანტებს დასავლეთის მხრიდან სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შეწყვეტა მოეხდინათ.

შემდეგ კი შავი ზღვისა და აზოვის მიმდებარე ზოლის კუთხით მთავარი, ძირითადი ქალაქების დაკავება, სრული ბლოკირება მომხდარიყო. თუმცა მიუხედავად ამ გეგმისა, სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთს ეს სტრატეგიული გეგმა ჩაუვარდა, რადგან მაისაიას შეფასებით, უკრაინამ შეძლო და შეტევის პირველი ეტაპი მეტ-ნაკლებად წარმატებით გადალახა.

ვახტანგ მაისაია ასევე ფიქრობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან, რუსეთის სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევა. ამასთან კი, დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყება. გარდა ამისა, მაისაია არ გამორიცხავს, რომ პუტინმა შესაძლოა გარკვეული პროვოკაციები NATO-ს წევრ ქვეყნებშიც მოაწყოს – დაბომბოს ლიეტუვა და პოლონეთი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან, ვახტანგ მაისაიამ გადაცემა – „კვირის თემაში“ შეაფასა.

„სამწუხაროდ, ინფორმაცია ურთიერთსაწინააღმდეგოა და ვიტყოდი, რომ რეალურის სურათის წარმოჩენა საკმაოდ რთულია. სხვათა შორის, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში სამხედრო ცენზურაა შემოღებული, ამაზე საუბარი ახლა დაიწყო, ხოლო უკრაინული საინფორმაციო საშუალებები, როგორც ჩანს, ბლოკირებულია, შესაბამისად, ძალიან მწირი ინფორმაცია მოდის.

მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ საინფორმაციო ომიდან დაპირისპირება უკვე ფსიქოლოგიური ომის ფაზაში გადავიდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტობრივად რეალური სამხედრო აგრესია განხორციელდა.

პრინციპში, სამხედრო კლასიფიკაციის კონფლიქტით, ეს არის დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, თუმცა ეს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი და ინტერვენციაა, რომელსაც პუტინის რეჟიმი დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

„პუტინმა გამოიყენა ჰიტლერის სტრატეგია“ – რა სამხედრო ამოცანებით შეიჭრა რუსეთი უკრაინაში

 

როგორც მან „ფორტუნას“ განუცხადა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ როცა საკმაო დრო გავა, უფრო რთული აღსაქმელი იქნება, თუ რა ხდება რეალობაში უკრაინაში, თუმცა, სამხედრო ოპერატიული ანალიზის საფუძველზე რომ ვისაუბროთ, ის მოულოდნელობის ეფექტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ხელისუფლების მიმართ, პუტინმა დღის 4 საათზე განახორციელა, ჰიტლერის სტრატეგიაა.

„მან გამოიყენა ჰიტლერის სტრატეგია ბარბაროსას გეგმის მიხედვით და ისიც სიმბოლურია, რომ ისევე როგორც ჰიტლერი, პუტინიც უკრაინას დილის 4 საათზე დაესხა თავს.

მან უკრაინაში შეჭრა სპეციალური ოპერატიული დაჯგუფებების მიხედვით 3 მიმართულებით განახორციელა: ერთი იყო, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულება; მეორე ოკუპირებული დონეცკის ტერიტორია, ასე ვთქვათ, შემდგომი გასვლა დნეპრის მიმართულებით და მესამე შეტევა სამხრეთ მიმართულებიდან იყო, რომ ოპერატიულ სივრცეზე გასვლა მომხდარიყო, თუნდაც ზაპოროჟიეს მიმართულებით.

გარდა ამისა, კიდევ იყო ერთგვარი, როგორც ჩანს, ე.წ დამხმარე, ყურადღების გადასატანი შეტევა ბელორუსის ტერიტორიიდან, რომელიც კიევის კუთხით უფრო იყო მიმართული.

თუმცაღა მანამდე, რუსეთმა მძინარე ქალაქებზე საკმაოდ პირდაპირი – საარტილერიო-სარაკეტო და საავიაციო დარტყმები განახორციელა. აქ გამოყენებული იქნა: ტაქტიკური ავიაცია; საბრძოლო ავიაციის კომპონენტები და განსაკუთრებით საუბარია, სარაკეტო დარტყმებზე, რომელიც ისეთ სიღრმისეულ ტერიტორიებზე განხორციელდა, როგორიცაა: ივანო ფრანკოვსკი, ლვოვი, კიევი და სხვა ტერიტორიები.

როგორც ჩანს, პუტინის შეიარაღებული ძალების ამოცანა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. თუ სტრატეგიული კუთხიდან გამომდინარე შევაფასებთ, პირველი მომენტი იყო, როგორმე დასავლეთის მხრიდან სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შეწყვეტა მოეხდინათ. მეორე – მოეხდინათ სრული ბლოკირება და მომხდარიყო მთავარი, ძირითადი ქალაქების დაკავება – შავი ზღვისა და აზოვის მიმდებარე ზოლის კუთხით“, – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისი შეფასებით, პუტინის გეგმებში ასევე შედიოდა, მომხდარიყო დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთლიანი დაკავება და ბრძოლისუნარიანი, 100 ათას კაციანი უკრაინული, საკმაოდ სერიოზული დაჯგუფების ალყაში მოქცევა, რომელიც გაერთიანებული ოპერაციების ძალების, ოპერატიული თეატრის ზონაში მოქმედებს.

„ამოცანა იყო მათი განადგურება და ეს იყო მათი ძირითადი მომენტი, მერე კი, შემდგომში, როგორც ჩანს, რუსეთის გეგმები ხარკოვის აღებასაც მოიცავდა. თუმცა, რუსებმა ოპერატიულ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხარეზე სტრატეგიული – მოულოდნელობის უპირატესობა იყო და ეს მომენტი მნიშვნელოვანია. ამასთან, ოპერატიულ სივრცეზე გასვლა, თუნდაც დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით პრობლემატური გახდა.

რადგან ვოლხოვსკისა და იგივე ლუგანსკის მიმართულებით, ე.წ პირველი და მეორე საარმიო ნაწილების ზონების წინ წაწევა მოხდა, რომლებიც სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნით, 1 და 3 კილომეტრი ძალიან სასაცილოა – მე ვიტყოდი, რომ ეს იმდენად არასერიოზულია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და მათ სატელიტებს, ფაქტობრივად ე.წ ბლიცკრიგის გეგმა ჩაუვარდათ.

ამას ემატება ისიც, რომ უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიურ-პოლიტიკური ურთიერთობა გაწყვიტა, გამოცხადდა საერთო, ტოტალური მობილიზაცია.

ის რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაწყებული ბელორუსის საზღვრებიდან, ოდესის პირობითი ხაზის კუთხით, შემკავებლური ტიპის ბრძოლებს აწარმოებენ, უკვე ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ იმის საშუალება, რომ ტოტალური მობილიზაციის და ტერიტორიული თავდაცვის ძალების მობილიზაციის პირობებში, რამდენიმე ხანში, აგრესორებზე ტაქტიკური უპირატესობა მიპოვონ.

რა ძალებს ჩართვას აგრესორი შემდეგ, ეს ცალკე საუბრის თემაა და შესაბამისად, რამდენად განახორციელებს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური დარტყმებს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზეც გადავიდეს, რათა გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პანიკა და დემორალიზება. შემდეგ კი, ფაქტობრივად ტოტალური განადგურების სტრატეგიაზე გადავიდეს, რაც საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი იქნება,“ – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ რუსეთმა ზუსტი დარტყმები განახორციელა. ანალიტიკოსის შეფასებით, როგორც ჩანს, რუსებს ე.წ ჭკვიანური იარაღის რესურსები უკვე ამოეწურათ, ყოველ შემთხვევაში, პირადი მონაწილეობით. მოულოდნელობის ეფექტი კი, უკრაინის მიმართულებით თითქმის უკვე მიილია.

ვახტანგ მაისაიას აზრით, ახლა ამ პროცესს დასავლეთის რეალური დახმარება და ჩართვა უნდა დაემატოს, თუნდაც იგივე პოლიტიკური და ეკონომიკური ბლოკადის ხარჯზე.

„ამის ფონზე კი, დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესის განვითარება უნდა დაიწყოს, რადგან უკრაინელებმა პირველი ტალღის მეტ-ნაკლებად ეფექტურად გამკლავება შეძლეს. ახლა მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და ამ შემთხვევაში უკრაინა არ აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც სამწუხაროდ, ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აღმოვჩნდით“, – დასძინა ანალიტიკოსმა.

 

 

„რუსეთმა, შესაძლოა, გარკვეული შეჭრის ელემენტები NATO-ს წევრ სახელმწიფოებზეც განახორციელოს“

 

 

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე – რამდენად არის მზად საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, NATO-ს წევრი ქვეყნები გააძლიეროს უკრაინის სამხედრო ჩართულობა და რამდენად შეიძლება NATO-ს დებულების მე-4 მუხლი ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული იყოს, სამხედრო ანალიტიკოსმა ასე უპასუხა:

„მეოთხე მუხლი უკვე სრული მასშტაბით ამოქმედებულია და ნიშნავს სასწრაფო წესით კონსულტაციის დაწყებას NATO-ს წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე ალიანსის ნებისმიერი საბჭოს ამოქმედებას, მინისტერიალი იქნება ეს თუ სამიტიც კი.

ინტენსიური კონსულტაციები კრიზისის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. მეოთხე მუხლთან ერთად საუბარია იმაზე, რომ ამოქმედდეს მე-5 მუხლით გათვალისწინებული, კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, ოღონდ იმ ტერიტორიებზე, სადაც ბუნებრივია, არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გავლენის ზონები, უშუალოდ მოქმედების არეალი – საუბარია NATO-ს წევრ ქვეყნებზე“, – აღნიშნა წამყვანის საპასუხოდ მაიასამ.

ამასთან, ექსპერტმა საგულისხმო გარემოებაზე მიუთითა და თქვა, რომ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა გარკვეული შეჭრის ელემენტები NATO-ს წევრ სახელმწიფოებზეც განახორციელოს.

„იგივე ე.წ სუვოლკის კორიდორი, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას შორისაა და კალინგრადს ბელორუსთან აერთიანებს, გამორიცხული არც ისაა, რომ გაერთიანებულმა – რუსულმა და ბელორუსმა საარმიო დაჯგუფებებმა პროვოკაციული, სამხედრო ქმედებები განახორციელოს, დაუშვათ მოახდინოს პოლონეთისა და ლიეტუვას ტერიტორიების დაბომბვა.

ან მოახდინოს სამხრეთ დივერსიული ჯგუფების შეჭრა და არამეგობრული ცეცხლის გახსნის ელემენტები. გავერანებული პუტინისგან ესეც მოსალოდნელია და ამ შემთხვევაში NATO მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს აამოქმედებს, რათა დაიცვას საკუთარი, წევრი სახელმწიფოები.“ – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

magti 5g