LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს ვერ ჩავეხუტები: რას მოასწრებს აშშ უკრაინაში – გერმანიაში მმართველი ძალა იცვლება, ტრამპი სამთავრობო კანდიდატებს ასახელებს

529
LEAD-ukraine-disinformation-lead

მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მთავარი საკითხები უცვლელია. რა ხდება ევროპაში, რა ვითარებაა უკრაინის ფრონტზე თუ ახლო აღმოსავლეთში და რას აპირებს დონალდ ტრამპი ოკეანის გადაღმა.

თეთრ სახლში შედგა მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა. ბაიდენმა მიულოცა გამარჯვება და დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს გადაბარების პროცესის რბილად გავლისთვის და ხელს შეუწყობს ახალ ადმინისტრაციას. ტრამპმა მომავალი კაბინეტის კანდიდატები დაასახელა და, როგორც ჩანს, მათი თანამდებობებზე დანიშვნის პრობლემა არ ექნება. საინტერესოა, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება უკრაინას, ასევე ისრაელთან მიმართებაში.

ახალი მთავრობის კანდიდატებზე, ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე ვრცლად ისაუბრა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“.

„გერმანიაში მთავრობის კოალიცია დაიშალა. მიმდინარეობდა მსჯელობა როდის გამართულიყო ვადამდელი არჩევნები. შედგა კომპრომისი. 23 თებერვალს ჩაატარებენ ადრეულ არჩევნებს. მაღალი ალბათობით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია მომავალი მმართველის ბედი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კარგა ხანია კვლევებით თითქმის ორჯერ უსწრებს კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. ყველას აშფოთებს და აფიქრებს ის, რომ ულტრამემარჯვენე ძალას, „ალტერნატივა გერმანისთვის“ აქვს ასევე მაღალი რეიტინგი, რომელსაც ხშირად ნეონაცისტებთან აიგივებენ.

საინტერესოა განსხვავებული პოზიციები უკრაინის საკითხთან მიმართებით. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი კრიტიკულია კანცლერ შოლცის პოლიტიკით და აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში დააყენებს რუსეთის წინაშე ულტიმატუმს, რომ 24 საათში დატოვოს უკრაინის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანია მისცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს და მათი გამოყენების უფლებას.
მოკლედ, არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და დაიბრუნებს ხელისუფლებას.

საინტერესოდ ვითარდება პროცესები საფრანგეთში. მარი ლე პენის და მისი, ასევე ულტრამემარჯვენე პარტიის, წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბრალად ედებათ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების გაფლანგვა და არამიზნობრივი ხარჯვა. დამტკიცების შემთხვევაში ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ასევე მას აეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, ანუ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ახლა სწორედ ეს არის ლე პენის მთავარი შფოთვის საგანი.

ბრიუსელში იმყოფებოდა აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მან გამართა შეხვედრები ნატოს მოკავშირეებთან, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან. მათ შორის საკმაოდ დეტალური და საქმიანი საუბარი შედგა. დეტალურად გაიარეს რა სჭირდება უკრაინას, რა მიეწოდება, რა თანხები წავა კონკრეტული შეიარაღების დამზადებაზე.
ბლინკენმა დაარწმუნა მოკავშირეები, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვადის ამოწურვამდე ყველა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს.

უკრაინაში კურსკის დონეცკის, ლუგანსკის, ხარკივის მიმართულებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელები სერიოზულ შეტევებს იგერიებენ. მათ ძალიან სჭირდებათ რუსეთის ტერიტორიამდე წვდომადი რაკეტების გამოყენება. როგორც ჩანს, ეს თემაც იყო განხილული და უკრაინელ დიპლომატს ფრთხილი ოპტიმისტი გაუჩნდა ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ.

დონალდ ტრამპს გაცხადებული აქვს, რომ უნდა დაასრულოს ომები და გაახმოვანა გადაწყვეტილება, რომ დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, რათა დასრულდეს სისხლისმღვრელი ომი. ომი არავის არ უხარია, მაგრამ როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ტერორისტ პუტინთან ჩახუტება და მორიგება ვერ მოხდება, მით უმეტეს მშვიდობა ვერ დაისადგურებს უკრაინელების ინტერესების ხარჯზე“.

ფოტო: foreignpolicy
abc
dw
ukrinform

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g