“ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ს ყოფილი ელჩის რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლისა და პარტია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ომის დაწყების დღიდან საქართველოზე გაღიზიანებული არიან.
“რეალურად დღევანდელი განცხადება ბორის ჯონსონისა იყო საკმაოდ სკანდალური, რომ იგი თურმე ხვდებოდა რუს ოლიგარქს ლებედევს და იმის შვილი მისი პროტექციით, ლორდთა პალატის წევრი გახდა, თუმცა, ინგლისის უშიშროების სამსახური აფრთხილებდა, რომ ეს დიდი ბრიტანეთისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იქნებოდა რისკის შემცველი, მივყვეთ, რამდენი ევროპელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი იყო რუს ბიზნესმენებთან, ოლიგარქებთან კავშირში. თუ ჩვენ ამ გზით წავალთ, ვის როგორი პოლიტიკური სიმპათიებით უნდა სანქციების დაწესება, ძალიან დიდი სია გვექნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დააკონკრეტა მაკფოლმა ვინ იგულისხმა? მე მაიკლ მაფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. კარგად ვიცით, უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე 4 თვეა აქვს. ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ეს არის, მეტი კი არაფერი სიახლეა.
4 თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვახსენა და რომ არ არის ქართული ტანკები დღეს ცხინვალში და რუსეთთან არ ვართ ომში. ამ გაღიზიანებას ეგენი არ მალავენ, ნებისმიერ სიას შეადგენენ ოღონდ კი საქართველო დააზიანონ და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის მხარეს?! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! ერთი ფაქტი თქვან და მორჩნენ ქვეყნის დაბულინგებას,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.