ქალბატონ რასას განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო. ამ განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა, – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადება.
რასა იუკნევიჩიენე: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას
„როდესაც საუბარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართულობაზე, გვქონია ჩვენ ამაზე საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ ფაქტები არ აქვთ. ვერცერთი ფაქტი, ვერც საჯაროდ და ვერც ერთი-ერთზე ვერ წარმოადგინეს. ფაქტი არ გაქვს, მაგრამ რაღაც წარმოდგენა ხომ შეიძლება გქონდეთ, როგორ, რა ფორმით შეიძლება იყოს ეს ადამიანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ?! არ ვიცი ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ, მაგრამ მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები. ავიღოთ მაგალითად ტელევიზიის მართვა, როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზიის მენეჯერი დილაობით არ მოდის სამსახურში და აკონტროლებს ტელეკომპანიას. ერთი კორპორაციის მართვაც კი რთულია, თუ ყოველდღიურად არ დადიხარ სამსახურში, ან კვირაში ერთხელ თუ მაინც არ მიდიხარ, რამდენიმე ასეული ადამიანია და წარმოიდგინეთ, 4 მილიონიანი ქვეყანა, საერთოდ არ ჩნდები და აკონტროლებ სიტუაციას ამ სახელმწიფოში ყოველგვარი გამოჩენის გარეშე, თვეში ერთხელ ვიღაცას ურეკავ, თუ არ ვიცი რა წარმოუდგენიათ. არათუ ფაქტები არ აქვთ, წარმოდგენაც კი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში.