LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონები კანის კინოფესტივალზე: გენდერული ბალანსი მსოფლიო კინოში

194

კანის კინოფესტივალი წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. 17 მაისიდან 10 დღის განმავლობაში კინოს მოყვარულებს მრავალი სიახლე ელოდება. ფესტივალის არაოფიციალურ მასპინძლად უმშვენიერესი მონიკა ბელუჩი მიიჩნევა, რომელიც გახსნის და დახურვის ცერემონიას გაუძღვება.

წელს, კანის ფესტივალის პროგრამა 12 ქალბატონის ნამუშევარს წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან გენდერული ბალანსის თემა დღემდე აქტუალურია მსოფლიო კინოინდუსტრიაში.

ძირითად საკონკურსო პროგრამაში “სუსტი სქესის” წარმომადგენელთა სამი ფილმი მოხვდა – ბრიტანელი ლინ რემსის “აქ არასდროს ყოფილხარ”, ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით ომის ვეტერანის როლში, რომელიც ახალგაზრდა ქალების სექსუალური მონობიდან დახსნას ცდილობს. ნაომი კავესის დრამა “სინათლე” მხედველობადაკარგულ ფოტოგრაფზე და სოფია კოპოლას “მოტყუებული”.

სექცია “განსაკუთრებული მზერა” ოთხ ფილმს წარმოადგენს – ლეონორ სარაის “ახალგაზრდა ქალს”, სესილი ატანის და ვალერია პივატოს “უდაბნოს პატარძალს”, ვალესკი გრიზბაჰის “ვესტერნს” და ანარიტა ზამბრანოს “ომის შემდეგ”.


არასაკონკურსო პროგრამაში კი, საკუთარ ფილმებს მსახიობები ვანესა რედგრეივი, კრისტინ სტიუარტი და ანიეს ვარდა აჩვენებენ. სარეჟისორო დებიუტად რედგრეივმა ლტოლვილების თემა აირჩია და მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ზღვის სევდა” გადაიღო, სტიუარტის მოკლემეტრაჟიანმა “მოდი, გავცუროთ”, უკვე დაიმსახურა კანადელი მაყურებლის სიმპათია, ვარდა კი, დოკუმენტური ფილმით “სახეები. სოფლები” ახლა ეცდება ფრანგული პუბლიკის მოხიბვლას.

ნიკოლ კიდმანის ტრიუმფი კანში

“ფესტივალის დედოფალი” – სწორედ ასე უწოდა ფრანგულმა პრესამ ნიკოლ კიდმანს, რომელიც წლევანდელ კანის ფესტივალზე ოთხ პროექტს წარმოადგენს.

ძირითად საკონკურსო პროგრამაში ერთდროულად ორი ფილმი მოხვდა მისი მონაწილეობით – სოფია კოპოლას “მოტყუებულში”კიდმანმა იმ პანსიონის დიასახლისის როლი შეასრულა, სადაც კოლინ ფარელის დაჭრილი ჯარისკაცი ხვდება, იორგას ლანტიმოსას დრამაში “წმინდა ირმის მკვლელობა” კი, ისევ კოლინ ფარელთან ერთად იშვილა მოზარდი. არასაკონკურსო პროგრამაში მსახიობი ჯონ მიტჩელ კამპიონის “როგორ ვესაუბროთ გოგონებს წვეულებაზე” და ჯეინ კამპიონის სერიალით “მდინარის მწვერვალი: ჩინელი გოგონა” მოხვდა.


მარიამ ცომაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g