LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალები საქართველოს თავდაცვის ძალებში უკიდურესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.. ეს ყველაფერი თამარ მეფემდე მიდის“ – დიპლომატები ქალების როლზე ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში 

80
კელი დეგნანი, მარკ კლეიტონი და ქალი სამხედროები

„ქალები საქართველოს თავდაცვის ძალებში უკიდურესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა.

ბრიტანეთის ელჩი კონფერენციაზე „ქალები საყოველთაო თავდაცვაში“ იმყოფებოდა:

„დიდი ბრიტანეთი მოხარულია, მხარი დაუჭიროს კონფერენციას „ქალები საყოველთაო თავდაცვისთვის.“ ქალები საქართველოს თავდაცვის ძალებში უკიდურესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

საქართველოს თავდაცვაში ქალების როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში მათი როლით. საყოველთაო თავდაცვის კონცეფცია გულისხმობს მთელი საზოგადოების გაერთიანებას საფრთხეებისა და გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ახლა ეს უკრაინაში, სადაც ქალები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს უკრაინის დაცვაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამ მხრივ საქართველოს აქვს საკუთარი გამოცდილება არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ რეაგირების დროსაც, როდესაც მთელი საზოგადოება გაერთიანდა.

ასე რომ, დიდი ბრიტანეთი ამაყია, იმუშაოს ამერიკელ მოკავშირეებთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა გაფართოვდეს ცნობადობა ამ კონცეფციის შესახებ და ქალების შთაგონებისთვის.“– განაცხადა მარკ კლეიტონმა.

ქალების სამხედრო სამსახურში მსახურებაზე განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა აჩვენეს მათი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში.

„ეს ყველაფერი მიდის თამარ მეფემდე და ამ ქვეყნის მრავალ ბრძოლამდე, როდესაც ქალებმა არსებითი როლი შეასრულეს თავდაცვითი ძალისხმევის მხარდაჭერაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დიპლომატის თქმით, საქართველოში მიმდინარე კონფერენცია – „ქალები საყოველთაო თავდაცვაში“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„ეს კონფერენცია არის შესაძლებლობა, რომ შევკრიბოთ ერთად საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები NATO-ს საყოველთაო თავდაცვის კონცეფციასა და საყოველთაო თავდაცვის კონცეფციის შესრულების მიმართ საქართველოს მიდგომაზე. ქალები ასრულებენ ცენტრალურ როლს საყოველთაო თავდაცვის კონცეფციაში და ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ კონფერენციის მიმდინარეობისას.

ეს არის ამის თანამედროვე ვერსია, რათა უზრუნველყოფილი იყო, რომ მთელი საზოგადოება მზად იყოს ისეთი შემთხვევისთვის, იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფა, წყალდიდობა, მიწისძვრა თუ რამე სახის თავდასხმა ან სამხედრო მოვლენა. NATO-ს საყოველთაო თავდაცვის კონცეფციას მრავალი სხვადასხვა ასპექტი აქვს და ჩვენ მათ დღეს განვიხილავთ.“– განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები