მსოფლიო ბანკის ანგარიშში, სახელწოდებით “ქალი, ბიზნესი და კანონი, ანუ გზა თანასწორობისკენ” ის ქვეყნები სახელდება, სადაც მაგალითად მიღებულია კანონი, რომელიც სამსახურსა და კრედიტებზე ქალების წვდომას აბრკოლებს, ან თუნცად ქალებს ქმრის გარეშე მუშაობს უკრძალავს. შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტ დაბრკოლებას ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მცხოვრები ქალები აწყდებიან, სადაც კანონი გათხოვილ ქალს, ქმრის ნებართვის გარეშე, პასპორტზე განაცხადის შეტანასა და სამსახურის დაწყებას უკრძალავს. კვლევა 173 ქვეყანაში ჩატარდა და მათგან 90%–ს ერთი კანონი მაინც აქვს, რომელიც ქალთა ეკონომიკურ შესაძლებლობებს აბრკოლებს.
სამუშაოსთან დაკავშირებული ყველაზე მეტი ბარიერი რუსეთშია, სადაც ქალებს 456 სპეციალობით ეკრძალებათ მუშაობა. თუმცა, მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, 41 ქვეყანაში ქალებს კანონი უკრძალავს ქარხნებში გარკვეული ტიპის სამუშაოს შესრულებას, 29 ქვეყანაში მათ ღამით, ხოლო 18 ქვეყანაში ქმრის ნებართვის გარეშე მუშაობა არ შეუძლიათ.
10 ქვეყანაში ქალებისთვის უფრო რთულია ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის გამოსატანად საჭირო დოკუმენტების მიღება, ვიდრე მამაკაცებისთვის. ხოლო 46–ს ქვეყანას არ აქვს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, მათ შორისაა ჰაიტი, მიანმარი და რუსეთი. რაც შეეხება სექსუალური შევიწროების შესახებ კანონს, მსოფლიოს 41 ქვეყანას არ აქვთ საერთოდ მიღებული მსგავსი კანონი და მათ შორის არის საქართველოც. ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ სამ სხვა ქვეყანაში – ტონგაში, სურინამსა და პაპუა ახალ გვინეაში არ არსებობს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება.
მიუხედავად ამისა, ანგარიშის თანახმად, პროგრესიც არსებობს, განსაკუთრებით ევროპის, ცენტრალური აზიისა და სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში. მაგალითად, აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანიის ქვეყნებში გაუმჯობესდა ქალების წვდომა კრედიტებზე, ხორვატიაში, უნგრეთში, კენიასა და ნიკარაგუაში გაუმჯობესდა ქალთა საკუთრების უფლებები, ხოლო ეგვიპტემ და მოზამბიკმა მიიღო კანონები სკოლებში გოგონების სექსუალური შევიწროებისგან დასაცავად.
გარდა ამისა, ქალებისთვის მუშაობის ხელისშემშლელი სამართლებრივი შეზღუდვები არ არსებობს 18 ქვეყანაში, ესენია სომხეთი, კანადა, დომინიკის რესპუბლიკა, ესტონეთი, უნგრეთი, კოსოვო, მალტა, მექსიკა, ნამიბია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, პერუ, პუერტო რიკო, სერბეთი, სლოვაკეთი, სამხრეთი აფრიკა, ესპანეთი და ტაივანი.
მარიამ ადამია