LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი მძღოლები მამაკაცი მძღოლების წინააღმდეგ

158

მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობის აღების ტესტირება შეიცვალა და შესაძლებელი გახდა პრაქტიკული გამოცდის მხოლოდ მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფის ავტომობილით ჩაბარება, ქალაქში მძღოლების საგრძნობი მატება შეინიშნება. თუ მამაკაცებს  შევეკითხებით, ამ ცვლილებამ ქალი მძღოლების რიცხვი გაზარდა, რამაც ის პრობლემები შექმნა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ბლოგში და საზოგადოებისთვისაც საკმაოდ ადვილად შესამჩნევია. ქალბატონებმა, რომლებმაც ადვილად მოახერხეს მართვის მოწმობის აღება, არჩევანი პატარა „საყვარელ“ ავტომობილებზე შეაჩერეს, რომელთა უმრავლესობაც მარჯვენასაჭიანია.  მამაკაცები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ ქაოსური მოძრაობისა, რაც დღეს–დღეობით ქალაქში ხდება.

როგორ რეაგირებენ ასეთ ბრალდებებზე ქალბატონები? სწორედ ამ თემაზე მინდა დღეს თქვენი ყურადღება გავამახვილო.

 

თეა

ავტომობილს დაახლოებით 4 წელია ვმართავ და სიმართლე გითხრათ საკმაოდ კარგადაც. თუმცა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, შესაბამისად შეცდომები მეც მომსვლია. ის აგრესია რაც ქალი მძღოლების მიმართ ამ ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა, ცოტა არ იყოს ზედმეტად მეჩვენება. ჩემი აზრით, ქალები უფრო მეტად დაკვირვებული მძღოლები ვართ, ვიდრე მამაკაცები და გარდა ამისა, მოძრაობის თეორიაც უფრო კარგად ვიცით. ტყუილია როცა ამბობენ, რომ ქალებმა ტარება არ იციან. დიდი ბოდიში, მაგრამ ქალებს უფრო უკეთ გამოგვდის ავტომობილის მართვა, ვიდრე კაცებს და სწორედ ეს შურთ მათ! არ დავქრივართ გიჟებივით, მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ მოძრაობის წესები და მამაკაცებივით ზოლიდან ზოლში არ ვხტუნავთ კალიებივით. შესაბამისად, ცოტა არ იყოს და ალოგიკურად მეჩვენება ის მოსაზრება, რაც მამაკაცების უმეტესობას ჩვენს მიმართ აქვს. იმის მაგივრად, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ ქალებს გვაბრალებენ უცოდინრობას. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მათ დაუცველები და უპატრონოები ვგონივართ. თუ ქალისა და მამაკაცის ავტომობილებს შორის ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მამაკაცი მუდამ ქალს ადანაშაულებს ამაში. გონია, რომ ქალს წესების არაფერი გაეგება და ამ „ბნელი“ გაგებით ცდილობს საკუთარი შეცდომა სწორედ საპირისპირო სქესის მძღოლს გადააბრალოს. სიტუაცია აბსოლუტურად იცვლება როდესაც საპატრულო ეკიპაჟი გამოჩნდება ხოლმე შემთხვევის ადგილას და მერე უნდა ნახოთ მამაკაცების „მიჩმორებული“ სახეები, როცა 250 ლარიან ჯარიმას გაიკრავენ ხოლმე შუბლზე. თუმცა, რა თქმა უნდა ქალებიც არღვევენ ხოლმე მოძრაობის წესებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მამაკაცებთან შედარებით იშვიათად.

 

pretty-girl-in-car-1336726129

 

ანასტასია

მართვის მოწმობა რამდენიმე თვეა ავიღე, მაგრამ უკვე ძალიან ვნანობ. დღვანდელი საგზაო მოძრაობის პირობებში ქალაქში ავტომობილით გადაადგილება გმირობის ტოლფასია. თუმცა, ყველაზე მეტად იმიტომ ვნანობ, რომ ძალიან ხშირად ვხდები მამაკაცების დაცინვის თუ შეურაცხჰყოფის ობიექტი. ავტომობილის მართვას მუცლიდანვე არავინ იწყებს, შესაბამისად ნებისმიერ ჩვენგანს გარკვეული პერიოდი სჭირდება მართვის ასათვისებლად. მაგრამ, ჩვენს პირობებში „სწავლა“ შეუძლებელია. ლანძღვა-გინება და დაცინვა გამოსავალი ნამდვილად არ არის. ქალი მძღოლების უმეტესობას და მათ შორის მეც, ძალიან გვაკომპლექსებს ჩვენს მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. მართვის ცოდნა არც ისეთი ადვილია როგორც მამაკაცებს გონიათ და თან სულ ტყუილად – უმეტესობა „გონში“ არაა. კარგი მძღოლობა არ ნიშნავს სისწრაფეს, არც აგრესიულ მანევრირებას და მითუმეტეს სხვების შეურაწყოფას. ცუდია, რომ საქართველოში არ არსებობს არანაირი მართვის კულტურა. ევროპის ძალიან ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, მაგრამ არსად არ შევხვედრივარ მსგავს უკულტურობასა და განუკითხაობას. უცხოეთში ყველამ კარგად იცის რომელ ზოლში უნდა გააჩეროს ავტომობილი, ან იცის, რომ აუცილებლად უნდა ჩართოს მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა, მაშინ როდესაც მანევრირებას იწყებს. ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება… აქ მძღოლმა შეიძლება უკიდურეს მარცხენა ზოლში ჩამოსხას ხალხი, ან სულაც უბრალოდ გააჩეროს, აიღოს ტელეფონი და „დაამესიჯოს.“ სწორედ მსგავსი შეფერხებების, უკულუტურობის, უპასუხისმგებლობის და უცოდინრობის გამოა ქალაქში ეს ქაოსი.

 

 

ლიკა

ავტომობილს 6 წელია ვმართავ და ამ დროის მანძილზე იმდენად მივეჩვიე მამაკაცებისგან აგრესიას, რომ უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს. ჩვენს ქალაქში არსებული ქაოსიდან გამომდინარე საჭესთან გინებაც კი „დავამუღამე“ (იცინის). ჩვენი პრობლემები არც გამარტივებული მართვის მოწმობის გამოცდების და არც ქალი მძღოლების ბრალი არაა. სინამდვილეში პრობლემა სულ სხვა რამეშია… ქართველები ხარბი ხალხი ვართ და არ შეგვიძლია სხვისი მაგალითით არ ვიცხოვროთ. სულ რაღაც 5 წლის წინ შევიძინე ავტომობილი, მაშინ ჩემს ეზოში ორად-ორი ავტომობილი იდგა. დღეს კი ეზო ავტომობილებითაა სავსე, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ მომივიდა ხმები – თურმე მეზობელ ბიჭებს უთქვამთ ამან როგორ გვაჯობა და როგორ იყიდა ავტომობილო. გააყიდინეს მშობლებს რაც კი ძვირფასი გააჩნდათ, იყიდეს ავტომობილები და ნახევარზე მეტი დღეს მხოლოდ ეზოში აყენია, რატომ? იმიტომ, რომ მათ ელემენტარულად საწვავის ფული არ აქვთ… ასეთი მაგალითები ძალიან ხშირია არამარტო ავტომობილების, არამედ ტანსაცმელის შემთხვევაშიც კი. თუ შენს მეზობელს კარგად აცვია, შენ აუცილებლად მასზე უკეთ უნდა გამოიყურებოდე, თორემ ისე „რაა მამული?“ არ ვიცი, რა ეშველება ჩვენს მოსახლეობას, მალე ალბათ საკუთარი ბოღმა და შური გახეთქავთ ასეთ ადამიანებს. როგორ შეიძლება პურის ფულზე მათხოვრობდე და ეს პურის ფულიც ავტომობილში დახარჯო იმიტომ, რომ შენს მეზობელ „ნაშას“ კარგი ავტომობილი ყავს. ჩვენზე აგრესია სწორედ სტერეოტიპული აზროვნებიდან მოდის: თუ ქალს ავტომობილი ყავს, ესეგი ის აუცილებლად ვიღაცის საყვარელია, აბა ისე ამხელა ფული საიდან? სწორედ ასეთი აზროვნების გამოა, რომ საქართველოში ყველა მხრივ ქაოსია. მამაკაცებო გაითვალისწინეთ, როდესაც ქალი საჭესთან ზის ის აუცილებლად „ბოზი“ არაა, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მას თქვენზე მეტად შეუძლია ფულის შენახვა, მოგროვება და შემდეგ სასურველი ნივთის ყიდვა  და თუ მართლაც ავტომობილი საყვარელმა აჩუქა, გშურდეთ, რადგან თქვენ საყვარელი არასდროს გეყოლებათ…

 

28847

 

მარიამი

ქალები? რა შუაში ვართ? მამაკაცები უფრო მეტად არღვევენ მოძრაობის წესებს ვიდრე ქალები. საცობებშიც მამაკაცი უფრო ხშირად მანევრირებს მოძრაობის საპირისპირო ზოლში ვიდრე ჩვენ. ამ თემით მანიპულირება უბრალოდ სასაცილოა. როგორც ქალი, ასევე მამაკაცი ყველაფერში თანასწორია, შესაბამისად თუ კაცი ავტომობილს მართავს, ჩვენც შეგვიძლია. გენდერული თანასწორობა ამ საითხთან მიმართებაშიც დიდ როლს თამაშობს. ჩვენი აზიატი მამაკაცები ძალიან „ბნელი აზროვნებით“ გამოირჩევიან, კაცი რომელიც ამბობს ქალი მარტო კუხნაში ვიციო, ამით ქალს კი არ აყენებს შეურაცხჰყოფას, არამედ საკუთარ თავს და როცა ამბობს ქალებმა ავტომობილის მართვა არ იცითო, ეს მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ იგი საკუთარი შეცდომების დამალვას ქალბატონებზე გადაბრალებით ცდილობს და მეტი არაფერი.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები