LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ Tiny Desk-ზე ისტორიული დებიუტით მსმენელი აღაფრთოვანა

158
photo-collage.png (9)

ქარდი ბიმ NPR Music-ის პოპულარული პროექტის – Tiny Desk Concerts ფარგლებში პირველი ხმაურიანი და უაღრესად ექსკლუზიური კონცერტი გამართა.

19 ოქტომბერს გამოქვეყნებულმა 18-წუთიანმა ცოცხალმა შესრულებამ სოციალური ქსელები და მუსიკალური პლატფორმები სრულიად დაიპყრო.

როგორც გამოცემა Rolling Stone წერს, ,,გრემის” ლაურეატი რეპერის სტუმრობამ National Public Radio-ს ოფისში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აუდიტორია მიიზიდა.

ტყავის შარვალსა და კლასიკურ პიჯაკში გამოწყობილმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა მაყურებელს 8 სიმღერისგან შემდგარი ნამდვილი მასტერკლასი შესთავაზა, სადაც მისი საფირმო იუმორი და ვოკალის საოცარი კონტროლი იდეალურად შეერწყა ერთმანეთს.

ქარდი ბი ,,მინი კონცერტით სამუშაო მაგიდასთან” 9-კაციან ცოცხალ ბენდთან ერთად წარდგა, ლეგენდარული მუსიკალური დირექტორის, ადამ ბლექსტოუნის ხელმძღვანელობით. მათ რეპერის ჰიტებს სრულიად ახალი, როკისა და ჯაზის ელემენტებით გაჯერებული ჟღერადობა შესძინეს.

სეტლისტი მოიცავდა ჰიპ-ჰოპ არტისტის როგორც უახლეს ტრეკებს მეორე სტუდიური ალბომიდან – Am I the Drama?, ისე კარიერის განმსაზღვრელ სუპერჰიტებს – Up და Bodak Yellow. ემოციური ნაწილის დროს მან შეასრულა სიმღერა Man of Your Word, რომელიც ექს-მეუღლესთან, Offset-თან დაშორებას ეძღვნება.

ამ გამოსვლით ქარდი ბიმ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა კრიტიკოსებს, რომ დიდ სცენებსა და სპეცეფექტებს მიღმა, მცირე სივრცეშიც კი უდიდესი ენერგიის გენერირება შეუძლია.

ცნობისთვის, NPR Music არის ამერიკული საზოგადოებრივი რადიოს (National Public Radio) მასშტაბური მუსიკალური პროექტი, რომელიც 2007 წლის ნოემბერში ჩაეშვა. მისი მთავარი მიზანია ახალი შემსრულებლებისა და მუსიკალური ჟანრების აღმოჩენა, ორიგინალური სარედაქციო მასალების მომზადება, რეცენზიები, ცოცხალი კონცერტების ტრანსლაცია და პოდკასტების წარმოება.

Tiny Desk Concerts სწორედ NPR Music-ის ყველაზე წარმატებული და საკულტო პროექტია, რომელმაც სტარტი 2008 წლიდან აიღო.

კონცეფციის თანახმად, როგორც დამწყები, ისე მსოფლიო დონის მუსიკოსები მიდიან ვაშინგტონში, NPR-ის ოფისში და მცირე აუდიტორიის წინაშე, ყოველგვარი გრანდიოზული აპარატურისა და ეფექტების გარეშე, ასრულებენ თავიანთ ჰიტებს „აკუსტიკურ“ ან „ცოცხალ“ ფორმატში.

ამ ფორმატში დაუვიწყარი კონცერტები უკვე აქვთ ჩატარებული ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: ადელი, ტეილორ სვიფტი, ალიშა ქისი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები