საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ შეკვეთილში მდებარე მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს.
როგორც “ფორტუნას” მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონია 13 აგვისტოს გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
მინიატურების პარკი ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.
“საქართველო მინიატურებში”, რომელშიც საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტებია გამოფენილი, შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.
მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”. კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.