შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით ზოგადად, სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) 9.37%-ითაა შემცირებული.
ამავე პერიოდში, ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების ყურებადობა 26.67%-ით გაიზარდა.
“2017 წლის ოქტომბერში შემცირებულია ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე და შეადგენს 65.5%-ს, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში შეადგენდა 75%-ს. ამავე პერიოდებში უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი გაიზარდა: 2016 წლის ოქტომბერში მათი წილი შეადგენდა 25%-ს და 2017 წლის ოქტომბერში შეადგენს 34.5%-ს”, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
2017 წლის ოქტომბრის თვეში, 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, TOP 10 ქართულ არხებს მაყურებელი შეუმცირდა 21.16%-ით.
TOP 10 ქართულ არხის აუდიტორიის წილი ბაზარზე შეიცვალა შემდეგი სახით:
- ტელეიმედის წილი გაიზარდა 23.4%-დან 26%-მდე;
- რუსთავი 2-ს შეუმცირდა 25%-დან 18.2%-მდე;
- კომედი ტვ-ს შეუმცირდა 5.1%-დან 3.5%-მდე;
- ჯი დი ეს ტვ-ს გაეზარდა 3%-დან 3.4%-მდე;
- პირველ არხს შეუმცირდა 2.5%-დან 2%-მდე;
- მაესტროს შეუმცირდა 4%-დან 0.7%-მდე;
- მარაოს შეუმცირდა 1.9%-დან 1.7%-მდე;
- ტვ პირველს გაეზარდა 1.2%-დან 1.8%-მდე;
- სილქ იუნივერსალს გაეზარდა 0.9%-დან 1%-მდე;
- პალიტრა ნიუსს გაეზარდა 0.6%-დან 0.8%-მდე.
შეგახსენებთ, რომ საკაბელო ოპერატორებმა ქართულ არხებს გადახვევის ფუნქცია შეუზღუდეს. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც არხებმა საკაბელოებს, პროდუქციის რეალიზებისთვის თანხა მოსთხოვეს.
ნახეთ ჩვენი სტატია ამ თემაზე: ქართული არხები ფასიანი ხდება?! – მიზეზები და მხარეების პოზიციები