LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე შესაძლოა, ლუდი გაიაფდეს

67

ახალი მოწვევის პარლამენტის ფორმირების შემდეგ, შესაძლოა ლუდზე ფასები შემცირდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ რამდენიმე დღის წინ, გაცხადებულ ინიციატივას, პარლამენტი მიიღებს და დაამტკიცებს. ლუდზე აქციზის ბუნების შეცვლის ინიციატივით ფინანსთა მინისტრი ახალ პარლამენტს მიმართავს.

”ამასთან დაკავშირებით უკვე მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრი ამ ინიციატივით ახალ პარლამენტს მიმართავს”, – განუცხადეს ”ფორტუნას” ფინანსთა სამინისტროში.

კომპანია ”ყაზბეგის” დამფუძნებელმა გოგი თოფაძემ ”ფორტუნასთან” განაცხადა, რომ მაღალი აქციზი ბევრ მეწარმეს ზღუდავს. აქციზის შემცირება კი ფასების დაკლებას აუცილებლად გამოიწვევს.

”დამერწმუნეთ, თუ აქციზი შემცირდება, ფასებიც შემცირდება. ამას ისიც თუ მოჰყვება, რომ იმპორტზე გარკვეული დანამატები დაწესდება, მაშინ ქართველი მწარმოებლების საქმე კარგად წავა. ევროკავშირზე რომ ვლაპარაკობთ, იქ ერთ-ერთი პუნქტია, რომ თუ საქართველოს ნაწარმი, ადგილობრივ მოთხოვნას ფარავს, მაშინ საკუთარი ბაზრის დასაცავად, შეზღუდვების დაწესება გამართლებულია. ქართულ ლუდს ამის პოტენციალი აქვს”, – განაცხადა თოფაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ აქციზის მატებამ, ბიუჯეტში შემოსავლის ზრდას ხელი არ შეუწყო, შესაბამისად, 2015 წლის გადაწყვეტილება არასწორი იყო.

ქართული ლუდის კომპანიაში კი ლუდზე აქციზის შესაძლო დაწევასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვთ.

თუმცა, როგორც ”ფორტუნას” ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, ლუდზე ფასები აუცილებლად დაეცემა.

”რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია. ფასი დაკავშირებულია გადასახადებთან. თუ ასეთი ცვლილება მოხდება, შესაბამისად ფასი დაიწევს”, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მანვე, 2015 წელს აქციზის ზრდის შედეგებზეც ისაუბრა. ჩოჩელის განცხადებით, ლუდზე აქციზის ფასის ზრდამ მისი წარმოება შეამცირა და ფასები გაზარდა, რაც დარგზე ცუდად აისახა.

”მთლიანად დარგი საკმაოდ დაზარალდა. ფასები გაიზარდა, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე კი ბაზარი შემცირდა”, – განაცხადა ჩოჩელმა ”ფორტუნასთან”.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  პარლამენტისთვის აქციზის ბუნების შეცვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს ასახელებს.

„ის, რომ აქციზი ლუდზე იქმნება ალკოლჰოლის შემცველობითა და მისი სიმკვირივით, ეს უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია. საქართველოს პარლამენტს ჩვენ მივმართავთ თხოვნით, რომ აქციზის ბუნება შეიცვალოს“,-  განაცხადა ნოდარ ხადურმა რამდენიმე დღის წინ.

ლუდის მწარმოებლები 2015 წლის 1-ლი მარტიდან ლუდზე აქციზის ზრდის გამო პროდუქციის რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ და აქციზის 10 თეთრით შემცირებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინიციატივაა, რომ ევროპის მსგავსად საქართველოშიც აქციზის განაკვეთი ლუდის გრადუსიანობაზე იყოს მიბმული.

2016 წლის ზაფხულის მდგომარეობით, ლუდის ბაზარი 17%-თაა შემცირებული, რაც დიდწილად 2015 წლის 1 მარტიდან ლუდის აქციზის ზრდით არის გამოწვეული. 2014 წლამდე ლუდის წარმოების ზრდა და იმპორტის ჩანაცვლების მასშტაბები, ადასტურებს, რომ ეს დარგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია.

არსებული მდგომარეობით იმპორტირებულ ლუდს საქართველოს ბაზრის დაახლოებით 3% უჭირავს, 97% კი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. ადგილობრივი  წარმოების წილი 2007 წელს 60%-დან 2015 წლის დასაწყისისთვის 97%-მდე გაიზარდა, რაც უთითებს ლუდის წარმოების როგორც ზრდის, ისე იმპორტის ჩანაცვლების სერიოზულ შესაძლებლობაზე.

magti 5g