თავდაცვის სამინისტროს გამაგრილებელ სასმელს სს ”იბერია რეფრეშმენტსი” მიწავდის. კომპანიამ შპს ”სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
”იბერია რეფრეშმენტსი” უწყებას 550,000 ლიტრ გაზიან, უალკოჰოლო სასმელს 284 900 ლარად მიაწვდის.
”იბერია რეფრეშმენტსის” გარდა, ელექტრონულ ტენდერში შპს ”კასტელ ჯორჯია”, შპს ”ყაზბეგი 1881” და შპს NEKTARI-2008 მონაწილეობდნენ.
შპს ”კასტელ ჯორჯიამ” ამავე ოდენობის ლიმონათების შესასყიდად 357 000 ლარის თანხა შესთავაზა სამინისტროს, შპს ”ყაზბეგი 1881”-მა 355 000, ხოლო შპს NEKTARI-2008-მ – 323 400 ლარი.
ტენდერის პირობების თანახმად, პროდუქტის სპეციფიკაცია შემდეგი უნდა ყოფილიყო: გაზიანი, უალკოჰოლო, 1 – 2.5 ლიტრი ტარით (პეტ-ის ტარა). არანაკლებ სამი სახეობის, მოთხოვნის შესაბამისად. პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობებს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 385 000 ლარი იყო.
2015 წლამდე ჯარს გაზიანი სასმელით შპს ”ყაზბეგი 1881” ამარაგებდა.