ფრანგები ქართულ კაბელებს შეიძენენ. შპს ”საქკაბელი” ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან. ქართული კაბელების გატანა საფრანგეთში მიმდინარე წელს იგეგმება.
გარდა ამისა, კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზეც მუშაობს. მას შემდეგ, რაც 2016 წლის სექტემბერში, ”საქკაბელმა” საკუთარი ქარხანა სრულად გადააიარაღა, ახალ პროდუქციაზე მუშაობაც დაიწყო.
”ჩვენი ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მანქანა დანადგარებით, რამაც უახლესი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა მოგვცა, მათ შორის სერიულად ვაწარმოებთ ევროპული ბაზრისთვის აუცილებელი მოთხოვნის მქონე-ეკოლოგიურად სუფთა ხანძარმდეგ, წვის არაგამავრცელებელ კაბელებს, ჰალოგენის გარეშე იზოლაციით”, – განმარტეს ”საქკაბელში”.
მათივე ცნობით, პროდუქციის ძირითადი მომხმარებელია საქართველოში არსებული ისეთი უცხოური და ადგილობრივი საწარმოები, მუნიციპალური დაქვემდებარების საწარმოები და საამშენებლო ორგანიზაციები, როგორებიც არის: საქართველოს რკინიგზა, სს თელასი, ქალაქ თბილისის განათების საქალაქო სამსახური, სს საქართველოს ელექტროსისტემა და სხვა. ამასთან, ყოველწლიურად იზრდება ”საქკაბელის” პროდუქციის საექსპორტო არეალი.
ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება ”საქკაბელი” 1958 წელს დაარსდა და აწარმოებს სხვადასხვა დანიშნულების ალუმინისა და სპილენძის საკაბელო პროდუქციას.
კომპანიის საფირმო მაღაზიები კი წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავსა და ახალციხეში, სადაც საკაბელო პროდუქციის გარდა, შესაძლებელია სხვადასხვა სახის ელექტროსაქონელის შეძენა, მმათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდის, როგორიცაა SCHNEIDER ELECTRIC-ი. ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში სწორედ კომპანია ”საქკაბელია”.