თეთრი კვამლი ამოვიდა ამ შენობის თავიდან; შევჯერდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია; სამშაბათს გამოვაქვეყნებთ სამოქალაქო სექტორთან შეჯერებულ დოკუმენტს, რაც არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდის ოფისში“ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
საუბარია ორ საკითხზე, რომელიც შეხვედრის დაწყებამდე დაასახელეს მისმა მონაწილეებმა – რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ოპოზიციის წარმომადგენლები ცალკე არ დაარეგისტრირებენ და ასევე, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ დეტალს.
„ყველა საერთო პოზიციაზე ვართ, რაც შეიძლება სწრაფად გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ოპოზიცია ძალიან ბევრ კომპრომისზე წავიდა სამოქალაქო სექტორთან იმისთვის, რომ მინიმუმ ის პაკეტი დადებულიყო, რისი შესრულებაც დეკემბრამდე შესაძლებელი.
რაც შეეხება დეოლოგარქიზაციის კანონს, ამ შემთხვევაში, დავეთანხმეთ, მძიმე და რთული დისკუსია გვქონდა, მაგრამ გავიზიარეთ სამოქალაქო სექტორის პოზიცია და სავარაუდოდ, კანონპროექტი არ დარეგისტრირდება ჩვენი მხრიდან პარლამენტში.
თუმცა გავასაჯაროებთ და საერთო დისკუსიას დავიწყებთ იმ პრინციპებზე, რომელიც უნდა ედოს საფუძვლად სამართლებრივად დეოლიგარქიზაციის შესაძლებლობებს. ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და ქართველი ხალხი იქნებიან ერთ პოზიციაზე, მეორე მხარესაა პრორუსული „ქართული ოცნება“. მათ აქვთ ორი არჩევანი – ან ამ დოკუმენტს ასრულებენ, ან სამარეს გავუთხრით და წავიდნენ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მისი თქმით, იმ ყველა პოზიციაზე, რაზედაც სამშაბათს შეჯერებული დოკუმენტი გამოქვეყნდება, ერთ პოზიციაზე იქნება სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, ქართველი ხალხი და მეორე მხარეს არის პრორუსული “ქართული ოცნება”.
“მათ აქვთ ორი არჩევანი, ან ასრულებენ ამ დოკუმენტს, ან სამარეს გავუთხრით და წავალთ”,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.