LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე 2023 წლის 10-13  ნოემბერს გაიმართება

763
ქართული-დღეები

2023 წლის 10-13  ნოემბერს ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გაიმართება საერთაშორისო დიასპორული პროექტი სახელწოდებით  „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული დიასპორის და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები 10-მდე ქვეყნიდან, ასევე, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული აქტივობა, მათ შორის:

  • ვიზიტი ტექსელის ავიაციისა და ომის მუზეუმში, სადაც წარმოდგენილია ტექსელის ავიაციის ისტორია, ტექსელის მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება და 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყებისადმი მიძღვნილი სპეციალური ექსპოზიციის დათვალიერება;
  • პროექტის „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალის დადგმა“ ფარგლებში შექმნილი მემორიალური მონუმენტის მონახულება, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად იყო ჩართული თავად ტექსელის მერიაც, ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრთან პარტნიორობითა და თიკა სვანიძე ვენკოს ფინანსური მხარდაჭერით;
  • კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით შექმნილი გამოფენის „ნიდერლანდების სამეფო – რას მოგვითხრობენ ქართული ხელნაწერები?“ წარდგენა;
  • თიკა სვანიძე ვენკოს არაჩვეულებრივი ბიოგრაფიული წიგნის „ქალი სხვა სამყაროდან“ პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგენს ორ ქვეყანას, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ძლიერი მეგობრობისა და კავშირის ხიდს;
  • ღვინის დეგუსტაციის გამოცდილება – „Texel“, TSV Estate Winery-ის სპეციალური გამოშვების ღვინო, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოში ღვინის 8000 წელზე მეტ ხნიან ისტორიას და წარმოადგენს საქართველოს ხანგრძლივი კულტურული ტრადიციის ადრეულ მტკიცებულებას;
  • შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობები, მათ შორის კალიგრაფიის მასტერკლასები, რომელიც ხაზს უსვამს ქართული ანბანის უნიკალურობას, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან;
  • ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები ევროპაში, მათ შორის ქართული ტრადიციული ცეკვები და ხალხური მუსიკა, რომელიც ასევე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში;
  • ქართველ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ნიდერლანდების სამეფოში და გააღრმავებს კავშირებს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე დიასპორულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც იმართება საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის, “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა” ფინანსური მხარდაჭერით. ეს არის ორი ქვეყნის, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობისა და გამბედაობის, წარუშლელი მემკვიდრეობისა და საერთო ისტორიული წარსულის ნათელი გამოხატულება და ზეიმი. პროექტის მიზანიც სწორედ ამ კავშირისა და მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამყარება და გაძლიერებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g