ქართული გამომცემლობა უკრაინელ სპეციალისტებს, რომლებიც დროებით მოწყდნენ საკუთარ სამუშაო ადგილს, დისტანციურ დასაქმებას სთავაზობს. საუბარია გამომცემლობა „არტანუჯზე“.
„რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა დაგვანახა, რომ უკრაინელებს დღეს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდებათ. მოძმე ქვეყნის საგამომცემლო და სამეცნიერო საზოგადოებისადმი სოლიდარობის ნიშნად, გამომცემლობა „არტანუჯი“ უკრაინელ სპეციალისტებს, რომლებიც დროებით მოწყდნენ საკუთარ ქვეყანას, ან სამუშაო ადგილს, დისტანციური დასაქმების საშუალებას აძლევს.
ამ ეტაპზე, სამუშაოდ ვიწვევთ ინგლისური და რუსული ენების რედაქტორ(ებ)ს, თუმცა მზად ვართ განვიხილოთ საგამომცემლო სფეროსთან დაკავშირებული სხვა შემოთავაზებებიც.
მკითხველებს, კოლეგებსა და მეგობრებს გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია, მიაწვდინოთ ხმა დაინტერესებულ პირებს, გაუწიოთ რეკომენდაცია უკრაინელ კოლეგებს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც „არტანუჯი“ ავრცელებს.
დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიწეროთ ფეისბუქ გვერდსა და მეილზე: [email protected] ან დარეკოთ +995 32 225 05 22, +995 557 709 105