შანხაისა და ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი ჩატარდა. როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ცნობეს, ფესტივალზე ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ფესტივალს ორი დღის განმავლობაში შანხაის „რუზველტის სახლი“ და ჰონგ-კონგის სასტუმრო „კორდისი“ მასპინძლობდა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ის ორგანიზებით ჩატარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს კომპანია „Meiburg Wine Media”-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მოხმარება და ცნობადობა სულ უფრო და უფრო იზრდება.
„ჩინეთში ზრდის ტენდენცია შარშაწინ დაიწყო და შენარჩუნებულია დღემდე. იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, რაც განაპირობა ჩატარებულმა მნიშვნელოვანმა სამუშაოებმა. მეღვინეობის დარგი მთლიანად არის ჩართული ქართული ღვინის პრომოციაში ჩინეთის ბაზარზე – იქნება ეს ღვინის ეროვნული სააგენტო, თუ ღვინის კომპანიები. ჩინეთთან ურთიერთობები სამთავრობო დონეზე ძალიან უმჯობესდება, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ღვინის გაყიდვებზე”, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ღვინის მაგისტრმა, დებრა მეიბურგა კი ქართული ღვინის გამორჩეულობაზე ისაუბრა.
„ქართულ ღვინოს დიდი ნაირსახეობის შემოთავაზება შეუძლია. მაგალითად, ახალი ტიპის ღვინოები, შედარებით დაბალალკოჰოლური ღვინოები, რომელსაც ახასიათებს ცოცხალი ხილის არომატი, შემფასებლების მოწონებას იმსახურებს საფერავი, ის განსხვავებულია. სხვადასხვა გემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შეუძლია ამ ნაირსახეობებიდან შეარჩიოს ღვინო თავისი მოთხოვნების შესაბამისად”, – აღნიშნა მეიბურგმა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების სხვადასხვა სტილის ღვინოები: „ბაგრატიონი“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, “GWS”, “კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „მილდიანი’ „უსახელაურის ვენახები“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 148%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით – ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა.