„შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს გადაიბიროს მსოფლიო ღვინის მომხმარებლები“ – ამ სათაურით სტატიას მსოფლიოში ცნობილი გამოცემა BBC აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, სადაც ღვინის წარმოება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და სადაც უნიკალური ღვინოები იწარმოება. ავტორი ეწვია ქართული ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას, სადაც 2-ტონიანი ქვევრებიდან ღვინოც დააგემოვნა.
„საუკუნეების მანძილზე მეღვინეობა ქართული ეკონომიკის უმთავრესი შემადგენელი იყო, ხოლო ღვინის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში მიემართებოდა“, – წერია სტატიაში.
როგორც BBC -ის ბიზნეს-რეპორტიორი ნატალია გოლიშევა მიუთითებს, 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ, საქართველომ ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო და ამჟამად ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 55 ქვეყანაში ხორციელდება.
BBC ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ჩოლობარგიასაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ სააგენტოს ძირითადი აქცენტები მიმართულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებისკენ.
“ჩვენ არ ვართ დიდი სახელმწიფო, ჩვენი წარმოების მაქსიმალური მოცულობა წლიურად 300 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც ავსტრალიის ერთი დიდი ღვინის საწარმოს პროდუქციის ტოლია. ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ საფრანგეთს, ესპანეთს, ჩილეს და სამხრეთ აფრიკას (სიდიდით), თუმცა ის, რისი შეთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია, არის უნიკალურობა, ჩვენი ყურძნის ჯიშები და ქვევრის ღვინო – ჩვენი ისტორიაა. ახლა ჩვენი სტრატეგიული ძალისხმევა მიმართულია დასავლეთისა და აზიისკენ და ზოგადად, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციისკენ,” – განმარტავს ჩოლობარგია.