LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული კერა არ მოიშლება“- მამუკა ხაზარაძე გუგუთიანთკარში მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ოჯახს ახალ სახლს აუშენებს

507
20190304134810

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გუგუთიანთკარში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელით ეხმაურება. ხაზარაძე წერს, რომ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სახლის მფლობელს, გიგი რაზმაძეს უახლოეს ერთ თვეში ახალ სახლს აუშენებს.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე სხვა ბიზნესმენებსაც მოუწოდებს დაეხმარონ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს.

“რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.
დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.
ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ.
ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება,
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,
საქართველო გაერთიანდება!- წერს მამუკა ხაზარაძე

შეგახსენებთ, გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა.

საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ. ეს ოჯახები სწორედ ამ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ.

დადასტურებული ინფორმაციით, ორი ოჯახის, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდება.

ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. რაზმაძეებმა დღეს სახლიდან რკინის მოაჯირები და ლითონის სხვა კონსტრუქციები გამოიტანეს ჯართში ჩასაბარებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g