10-დან 14 ნოემბრამდე ჩატარებული თასის გათამაშების შემდეგ, საქართველოს ხელბურთის უმაღლესი ლიგა, კოვიდ პირობებში უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს თამაშებს და არაერთ საინტერესო პროექტსაც გეგმავს.
ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის წარმომადგენელმა გიორგი პატაშურმა ისაუბრა:
მოგვიყევით პანდემიის პირობებში, როგორ აგრძელებს ხელბურთის ფედერაცია მუშაობას?
მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში სპორტის არაერთ მიმართულებას დროებით შეეზღუდა ფუნქციონირება, თუმცა ამ აკრძალვებისა და შეზღუდვების რიგებში არ არის ხელბურთი, ისევე როგორც კალათბურთი, რაგბი და ფეხბურთი. თუმცა პანდემიის პრევენციის მიზნით, ყველანაირი წესისა და რეგულაციის დაცვა ხდება, რაც ერთდროულად არამხოლოდ კანონმორჩილებას, არამედ საზოგადოებრივ თვითშეგნებასაც გულისხმობს.
ვარჯიშებისა და თამაშის დროს როგორ ხდება რეგულაციების დაცვა?
10-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა არაერთი თამაში თასის გათამაშების. კოვიდ რეგულაციების სწორ და თანმიმდევრობით დაცვას პირადად უზრუნველყოფდი. ვინაიდან თამაშები და შეხვედრები დახურულ სივრცეში ტარდებოდა, ყოველდღიურად, თამაშის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ, მთლიანი შენობა სტერილიზდებოდა. დაქირავებული გვყავდა რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რეგულაციით გათვალისწინებულ ყველა წესს, ხდებოდა თითოეული კარის, კედლებისა და იატაკის მორეცხვა, დასუფთავება, ყველა შესასვლელში გვქონდა დეზობარიერები. ყველა გუნდის წევრს ესინჯებოდა ტემპერატურა. ამასთან ერთად ყოველი თამაში გულშემატკივრების ყოფნის გარეშე ჩატარდა. სწორედ ამ რეგულაციების წარმატებით ჩატარების შემდეგ, მთავრობისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაგრძელებთ ვარჯიშებს და ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივებში მონაწილეობის მიღებას.
რა გეგმებს ისახავთ?
სამომავლო გეგმები დიდია, თუმცა პანდემიის გამო რთულია ამაზე საუბარი, ვინაიდან ინფექცია სამწუხაროდ მსოფლიო პრობლემად იქცა და უკვე არაერთ სფეროს შეუშალა ხელი განვითარებაში. თუმცა შემიძლია უახლოესი გეგმა გითხრათ, რომ 10 დეკემბერს განახლდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კოვიდ პირობებში, სადაც 8 რეგიონალური გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა თავდაპირველად ჩემპიონატს 10 გუნდიანი სისტემით ვაკომპლექტებდით, რომელიც ჟამიანობის გამო ვერ მოხერხდა. რადგან, სპორტულ და ტექნიკურ უნივერსიტეტს გუნდები სტუდენტებით არის დაკომპლექტებული და სასწავლო პროცესის დროებით გადადების გამო, სტუდენტების გარკვეული ნაწილი ამჟამად რეგიონში იმყოფება და სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ მობილიზებას და ვარჯიშს.