LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ხილფაფები ევროპის ბაზარზე გავა

147

შპს „ქართული ხილის კომპანია“ ხილფაფების წარმოებას იწყებს, მანამდე კი ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა  გიორგი ახალაძემ განუცხადა, ხილფაფების საწარმოებლად სპეციალურ დანადგარს იანვარში შეიძენენ, წარმოება კი 2017 წლის ზაფხულში დაიწყება.

”უახლესი მანქანა-დანადგარი იტალიიდან ჩამოვა, ამასთან წარმობაში ჩვენს თანამშრომლებს უცხოელი ტექნოლოგები დაეხმარებიან, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში დარჩებიან და მათ გადაამზადებენ. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ჩვენი კომპანია ძირითადად ექპორტზე მუშაობს, შესაბამისად ხილფაფებიც ექსპორტზე გავა”, – აღნიშნა ახალაძემ.

მისივე ინფორმაციით,  პროდუქცია კენკროვანი ხილისგან დამზადდება და უმაღლესი ხარისხის იქნება.

“რაც შეეხება რეალიზაციას, გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, არის სერიოზული დაინტერესება რუსული მხარისგან. თუმცა, ხარისხობრივად ისეთი პროექტის გაკეთება გვინდა, რომელიც ევროპის ბაზრისთვისაც მისაღები იქნება.  ამასთან, ვაპირებთ  ადგილობრივ მწარმოებლებსაც შევთავაზოთ  ხილფაფები, თუ მათთვის საინტერესო იქნება აღნიშნული პროდუქცია”,-აღნიშნა გიორგი ახალაძემ და დასძინა, რომ ახალ პროექტში შპს „ქართული ხილის კომპანია“ დაახლოებით მილიონ 300 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

ცნობისთვის, შპს „ქართული ხილის კომპანია“ სამაცივრე მეურნეობას გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ფლობს. კომპანია ბაზარზე 2013 წლიდანაა წარმოდგენილი და ის  ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები