ნატურალური ხისგან დამზადებული ქართული სათვალეები, რომლებიც Bros eyewear -ის ბრენდის ქვეშ იქმნება, ესპანეთში გაიგზავნა.
როგორც ”ფორტუნას” Bros eyewear -ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ირაკლი გამთენაძემ განუცხადა, ქართული წარმოების 40 სათვალე ესპანურმა ოპტიკურმა ქსელმა შეიძინა.
”გავაგზავნეთ 6 მოდელის 40 სათვალე, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ამ ეტაპზეც ველოდებით შეკვეთას ესპანური მხარისგან. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან – რუსეთთან და სომხეთთან, სადაც ასევე იგეგმება ჩვენი სათვალეების ექსპორტზე გატანა”,– აღნიშნა გამთენაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბრენდმა წარმოებაც გაზარდა და თუ აქამდე, სახელოსნოში 2 ადამიანი მუშაობდა ხის სათვალეებზე, ამჯერად კადრების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, როგორც ბრენდის დამფუძნებელმა განმარტა, Bros eyewear -ის სათვალეების 70% ”ფეისბუქის” ოფიციალური გვერდის საშუალებით იყიდება, დანარჩენი 30% კი პატარა მაღაზიებშია წარმოდგენილი.
როგორც გამთენაძემ განმარტა, ბრენდი მომავალი სეზონიდან სათვალეების სამოდელო ხაზის გამრავალფეროვნებას გეგმავს. ხის სათვალეების წარმოების გარდა, Bros eyewear -ი კომბინირებული – ხისა და აცეტატის მასალით დამზადებული პროდუქციის წარმოებასაც დაიწყებს.
ცნობისთვის, ბრენდი Bros eyewear 2015 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები ძმები ირაკლი და ლევან გამთენაძეები არიან. ამ ეტაპზე კომპანიას ხის სათვალეების 8 მოდელი აქვს.