რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა პიანისტმა თამარ ლიჩელიმ ახალ პროექტზე – ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებზე ისაუბრა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.
ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების მოწყობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ყოველთვის ჩემი საოცნებო პროექტი იყო. ძალიან მინდოდა ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრების და ქართველი შემსრულებლების ერთ პროექტში თავმოყრა. მიხარია, რომ ყველა მუსიკოსმა სიხარულით მიიღო ჩემი შეთავაზება. მართალია, გასულ წელს დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენს პროექტს, მაგრამ წელს ბევრად მასშტაბური გახდა და რეგიონები გააერთიანა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიას, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს და ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე რეგიონულ მუსიკალურ სკოლებს და ბორჯომის გამგეობას, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ფესტივალს. სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში შედგება ჩვენი ერთ-ერთი საღამოც.
მაისის თვეში კონცერტები თბილისში, თელავსა და სენაკში გაიმართება, სადაც ვალერიან შიუკაშვილის მიწვევით მივიღებთ მონაწილეობას მის ფესტივალში, სექტემბერში ბათუმს ვეწვევით, ოქტომბერში ბორჯომი გვიმასპინძლებს, ნოემბერში ქუთაისში ჩავალთ, დეკემბერში კი, ისევ თბილისში დავბრუნდებით დასკვნითი კონცერტებით.
რა თქმა უნდა, პროექტში უამრავი ქართველი მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, გიგი პიანომენი, ნატალია ქუთათელაძე, ლიზა რამიშვილი, გიორგი შავერზაშვილი, რომელიც კომპოზიტორთა კავშირს წარმოადგენს, საქართველოს სიმფონიეტა, სახელმწიფო კამერული ორკესტრი, ბატონი თემურ გუგუშვილი, ასაფ კლაიმანი და მრავალი სხვა. ძალიან მინდა, რომ მომავალში უცხოელებმაც შეასრულონ ქართული მუსიკა, ერთ-ერთი პირველი კი, სწორედ ჩვენი მეგობარი ასაფ კლაიმანი იქნება ისრაელიდან.
პირველი გალა კონცერტი 15 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება, რომელშიც ყველა მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. მსმენელს საინტერესო და ჟანრულად მრავალფეროვანი პროგრამა ელის, ასე რომ დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან მოეწონება. 23 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვუმასპინძლებთ პუბლიკას და ძალიან სასიამოვნო სიურპრიზს შევთავაზეთ. ბათუმელები დიდი ხანია ელიან გიგი პაინომენის კონცერტს, ამიტომ სექტემბერში მათ გავახარებთ. წელს ჩვენი პროექტი საგანმანათლებლოც იქნება, რადგან მუსიკოსები აქტიურად გამართავენ შეხვედრებს რეგიონებში და მასტერკლასებს ჩაუტარებენ მუსიკალური ნიჭის მქონე ბავშვებს.
გარდა ამისა, ივნისის თვეში კოლეგებთან ერთად ერთგვარ ლექციას მოვაწყობ თემაზე „ალოიზ მიზანდარის მნიშვნელობა ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიაში“, რადგან ვთვლი, რომ სწორედ მიზანდარი იყო ის უდიდესი მუსიკოსი, რომელმაც ჩვენს საფორტეპიანო სკოლას ჩაუყარა საფუძველი.