LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მინის ჩანთებს საფრანგეთსა და კანადაში ატარებენ

334

May-ის მიერ წარმოებული მინის ჩანთები უახლოეს მომავალში ექსპორტზე გავა. ქართული პროდუქციის გაგზავნა მეზობელ აზერბაიჯანში იგეგმება. როგორც ”ფორტუნას” May-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა ნინი ზექალაშვილმა განუცხადა, აზერბაიჯანთან სტაბილური თანამშრომლობა იგეგმება, თუმცა ქართულმა მინის ჩანთებმა საზღვარი უკვე გადაკვეთა.

”გვქონდა რამდენიმე შეკვეთა უცხოეთიდან. ჩვენი ჩანთები გაიგზავნა კანადასა და საფრანგეთში. რამდენიმე ჩანთის გაგზავნას კი ლიტვაში ვგეგმავ, სადაც ერთი ქალბატონი დაინტერესებულია May-ის პროდუქციით. თუ მოეწონა ჩვენი ჩანთები, აპირებს ისინი ექსპორტზე რუსეთში გაიტანოს”, – განმარტა ზექალაშვილმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ მინის ჩანთების რეალიზება ჯერჯერობით მხოლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდება, მაისიდან კი ნინი ზექალაშვილი მაღაზიის გახსნას სავაჭრო ცენტრ ”ისთ -ფოინთში”, ან ფალიაშვილის ქუჩაზე განიხილავს.

”ამ ეტაპზე გვაქვს მინის ჩანთების 37 მოდელი, ვმუშაობთ ახალ დიზაინზეც. პროდუქცია მაღალი ხარისხის ორგანული მინით მზადდება. ჩვეულებრივი მინისგან განსხვავებით, მის შემადგენლობაში შედის პლასტმასი , რაც მას ძნელად მსხვრევადს ხდის . ამასთან, ის მინაზე ბევრად მსუბუქია , ადვილია მისი გაწმენდა უბრალო ნაჭრით, ან თუნდაც ხელსახოცით. ქსოვილებიც გვაქვს მაღალი ხარისხის. ეს ყველაფერი May-ს ხდის განსხვავებულს და ორიგინალურს”, – აღნიშნა May-ის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ჩანთების ღირებულება 69 ლარიდან- 99 ლარამდე მერყეობს. ექსკლუზიური გულის ფორმის მინის ჩანთები კი 129 ლარი ღირს. უახლოეს მომავალში კი ნინი ზექალაშვილი ჩანთების შესაქმნელად მეტალისა და მინანქრის გამოყენებასაც გეგმავს- ეს იქნება უკვე მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ჩანთები, რომელთან ღირებულებაც 180 ლარიდან დაიწყება.

ცნობისთვის, May-ის მინის ჩანთები ბაზარზე 2016 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა. ბიზნეს იდეის ავტორი პროდუქციის დაპატენტებას გეგმავს. ამ მიზნით შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს (საქპატენტს) უკვე წარედგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები