LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მოცვი და ჟოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებში იყიდება

330

ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „აგროლეინი“, დაათვალიერა და კომპანიის კუთვნილ 6 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის ბაღში მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „აგროლეინში“ ლურჯი მოცვის და ჟოლოს გადამუშავება ხორციელდება. კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოს და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. საწარმო, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული 2016 წელს აშენდა. მათივე განცხადებით, კომპანიის კუთვნილ მოცვის ბაღებში, წელს 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს ელოდებიან. სეზონურად კომპანია ბაღებში 100-მდე ადგილობრივს ასაქმებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „აგროლეინი“ იმ წარმატებულ საწარმოთა სიაშია, რომლებმაც სახელმწიფოს ხელშეწყობით საერთაშორისო სტანდარტის საწარმოები შექმნეს.

„სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ დარგში მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მივიღეთ და კომპანია „აგროლეინი“ ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. ჩვენი სამინისტროს ხელშეწყობით, „აგროლეინის“ პროდუქცია დუბაიში აგროგამოფენაზე „გალფუდი 2017″ იყო წარმოდგენილი. გამოფენა Gulfood საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილმა საწარმოებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქცია წელს პირველად წარადგინეს. ასეთი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას უწყობს ხელს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ „აგროლეინის“ პროდუქციის ექსპორტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „აგროლეინი“ „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 455,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 182,000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 227,500 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g