LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მუსიკის არქიტექტორი – ფენომენალური ჯანსუღ კახიძე და მისი ეპოქა

733
ჯანსუღ კახიძე

„ის, რაც გიყვარს, მისი დაწერილია, ის ფილმი, რომელიც გიყვარს, მის გარეშე წარმოუდგენელია, ის უბრალოდ ძალიან დიდია” – ასე იხსენებს ლეგენდარულ ჯანსუღ კახიძეს ცნობილი ქართველი მსახიობი, ზურა ყიფშიძე.

და მართლაც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დროის ჩვეულ რიტმს არ ემორჩილებიან. ისინი საკუთარ ცხოვრებას ისე განაგებენ, თითქოს ყოველი წამი ერთი დიდი პარტიტურის ნაწილია, სადაც ყოველი მოძრაობა, სუნთქვა და სიჩუმეც კი ემსახურება მელოდიას. ასეთი იყო ჯანსუღ კახიძე – საქართველოსა და მსოფლიო მუსიკალური კულტურის ყველაზე ამაღელვებელი ფენომენი, ადამიანი, რომელიც ქართულმა მელოდიამ ბავშვობიდანვე თავისად აქცია და მერე მსოფლიო სცენებზე გაიყვანა ისე, რომ სამშობლოს სული არასოდეს დაუკარგავს.

კახიძე დაიბადა სოფელ ობჩაში, ბაღდათის რაიონში. ბავშვობიდანვე საოცრად გრძნობდა ტონალობას, ჟღერადობას, ადამიანურ ემოციას. მისი ნიჭი იმდენად ბუნებრივი იყო, რომ თითქოს არ სწავლობდა, არამედ უბრალოდ იხსენებდა უკვე ნასწავლს. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის კონსერვატორიაში, შემდეგ კი მოსკოვში, ლეგენდარულ დირიჟორ იგორ მარკევიჩთან, სადაც მისი ტალანტი გაშლილი ფრთებით გაფრინდა. მალევე საქართველოში დაბრუნდა, არა დასასვენებლად, არამედ საკუთარი ქვეყნის მუსიკალური ბედისწერის შესაცვლელად.

ჯანსუღ კახიძე მხოლოდ დირიჟორი არ იყო, იგი იყო მუსიკის არქიტექტორი, ემოციის ქანდაკებად ქცევის ოსტატი გახლდათ. მისი დირიჟორული ჟესტი არ იყო მხოლოდ ტექნიკა, ის იყო გრძნობების ენა. ორკესტრი მასთან არა უბრალოდ უკრავდა, არამედ სუნთქავდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა და შემდეგ „თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა“ ქართულ მუსიკას ახალი სახე მისცა. მისი ხელით შესრულებული სიმფონიები და ოპერები დღესაც ოქროს ასოებით წერია თბილისის მუსიკალურ ისტორიაში. პარიზი, მილანი, ლონდონი, ბერლინი, ტოკიო… ის დადგებოდა დირიჟორის პულტთან და რამდენიმე წამში ყველაზე რთული ორკესტრიც კი მის ტემპზე იწყებდა სუნთქვას. მისი ხელით საქართველოში დამკვიდრდა მსოფლიო მუსიკის უდიდესი სახელები, ხოლო უცხოეთში, პირველად გაჟღერდა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“. კახიძესთან თანამშრომლობდნენ ლეგენდარული მუსიკოსები, ოისტრახი, სპივაკოვი, კრემერი, ბაშმეტი, როსტროპოვიჩი, ის იყო მაესტრო, რომლისაც ყველას ესმოდა.

ჯანსუღ კახიძეს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდა სახელგანთქმულ ორკესტრებთან, მათ შორის იყო სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი, პრაღის ადა ბოსტონის სიმფონიური ორკესტრები, ვაშინგტონის ნაციონალური და სან დიეგოს სიმფონიური ორკესტრები, ლონდონის ფილარმონიის ორკესტრი, ბი-ბი-სის სიმფონიური ორკესტრი და მრავალი, მრავალი სხვა. ერთხელ მილანის „ლა სკალაში“ მისი ორკესტრი უკრავდა. პირველი აკორდის შემდეგ დარბაზი უცნაურად დადუმდა, თითქოს ყველას სუნთქვა შეჩერდა. ბოლოს კი ის ისეთი ტაშით ააფეთქეს, რომ მაესტროს თვალებზე ცრემლი მოადგა. შემდეგ ამბობდა: „როცა უცხო დარბაზში უკრავ ქართულ მელოდიას და ხედავ, რომ ადამიანები ტირიან – გესმის, რომ სამშობლო იქაც ცოცხლობს“. ეს იყო მისი ძალა და ემოცია, რომელიც საზღვრებს შლიდა.

ჯანსუღ კახიძის შემოქმედება არა მხოლოდ დირიჟორის ოსტატობით, არამედ დაუვიწყარი მელოდიებითაც იწონებს თავს – სიმღერებით, რომლებმაც უკვე რამდენიმე თაობა გააერთიანა. მისი მუსიკა თითქოს საქართველოს სულიერ პეიზაჟებს ასახავს, სევდიანსაც, ამაყსაც, მზით სავსესაც. მისი ავტორობით შექმნილ მელოდიებს შორის ჩემთვის, პირადად, განსაკუთრებული ადგილი უკავია სიმღერებს: „ოღონდ შენთან მამყოფინა“, „მოვა მაისი“, „ჰერიო ბიჭებო“, და „მუხამბაზი“ – თითოეული მათგანი ქართულ მუსიკაში ნაზი პოეზიისა და სიმღერის სინთეზად იქცა. ჯანსუღ კახიძის მუსიკალური სამყაროს ნაწილია ისიც, რასაც სხვებთან ერთად ქმნიდა – როგორც დირიჟორი, როგორც შემოქმედი და როგორც მეგობარი. სწორედ მის ხელწერას ატარებს ნანი ბრეგვაძესთან ერთად შესრულებული უკვდავი სიმღერა „ვარდები არ არიან“, რომლის ავტორია გოგი ცაბაძე და რომელიც დღემდე სევდით და სიყვარულით გივსებს გულს. ასევე საოცარი ენერგიით ჟღერს ნანი ბრეგვაძის, გოგი დოლიძისა და ეკა მამალაძის შესრულებული „გულს რად მიკლავ“, რევაზ ლაღიძის მელოდია, რომელსაც კახიძის სულიერი ხელმძღვანელობა კიდევ უფრო ამაღლებს.

„ის იყო დაჯილდოებული საოცარი ნიჭით, რომლის ანალოგს მე ვერ ვხედავ. მას მართლაც ყველაფერი შეეძლო: უკრავდა, მღეროდა, წერდა” – იხსენებს რობიკო სტურუა.

თან თურმე საოცარი იუმორის გრძნობდა ჰქონდა: „სუფრაზე მასთან მოხვედრას არაფერი სჯობდა, საოცარი მეგობრობა იცოდა, ერთგული ადამიანი იყო და ერთი მისია ჰქონდა, უკეთესები გავმხდარიყავით მისი მუსიკის მოსმენის შემდეგ” – ვიგებთ ზურა ყიფშიძის ემოციური მოგონებებიდან.

ჯანსუღ კახიძის წყალობით დაიბადა მრავალი უკვდავი ნამუშევარი, როგორც ოპერალური, ისე პოპულარული მუსიკის ჟანრში. ის არ უშინდებოდა ქართულ ფოლკლორსა და კლასიკას შორის ხიდების აგებას. „იავნანა“ – მისი ყველაზე ნატიფი შესრულება, სადაც მელოდია იქცევა სიმფონიად. ორკესტრის ფონზე ის მელოდია ბავშვობის სურნელით გაჟღენთილი, მშვიდი, ნაზი და უკვდავია. ჩვენი უსაყვარლესი „მუხამბაზი“, ნაწარმოები, სადაც ქართული ფესვები და ევროპული ფორმა ერთ მთლიანად იქცევა. კახიძემ ამით თითქოს თქვა: „ქართული მუსიკა არ არის მხოლოდ წარსული, ისაა ცოცხალი, თანამედროვე და ძლიერიც“. „საზამთრო“- ფილმიდან „მე ვხედავ მზეს“, ეს სიმღერა ისეა შესრულებული, თითქოს ნოტები თოვლში იფანტება. ტკივილი, სინაზე და იმედი ერთდროულად ტრიალებს და გენიალური მაესტროს ხელით იქცევა პოეზიად. ეს ნაწარმოებები მხოლოდ მუსიკა კი არაა, ეს არის ქართული განცდის ხმა, რომელიც ჟღერს მაშინაც, როცა სიტყვები აღარ გვყოფნის.

„ჯანოს ხმის გარეშე ფილმი შერეკილები არ არსებობს, როცა ვამთავრებდი ფილმის გადაღებას, ჩემს მეგობრებს ვუზიარებდი პირველად ნამუშევარს, დაუმონტაჟებელს, ხმისა და მუსიკის გარეშე. ფილმი არ შედგაო – მითხრეს. ხოლო შემდეგ, როცა კინოცენტრში, დიდ დარბაზში იყო ფილმის ჩვენება, იმავე მეგობრებმა თქვეს, საოცარი ფილმია, იცით რატომ? იმიტომ რომ ჟღერდა ჯანოს ხმა“, – იხსენებდა ელდარ შენგელაია.

ჯანსუღ კახიძე ოჯახშიც მაესტრო იყო, სიყვარულით, სითბოთი, სიმშვიდით. მისი ვაჟი, ვახტანგ კახიძე, დღეს თავადაც კომპოზიტორი და დირიჟორი, მამის გზა გაჰყვა, მაგრამ საკუთარი განსაკუთრებული ხელწერით. მათი ოჯახი ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საგაა – ნიჭის, თავმდაბლობისა და სიყვარულის.

მუსიკოსები იხსენებენ, რომ როცა კახიძე სცენაზე იდგა, ორკესტრი თითქოს მასთან ერთად სუნთქავდა. ერთმა ახალგაზრდამ, მისი კონცერტის შემდეგ, თქვა: „არ ვიცოდი, რომ მუსიკას შეეძლო გრძნობების ენა ასე აელაპარაკებინაო“. კახიძე იყო მაესტრო, რომელიც დირიჟორობდა არამხოლოდ მუსიკას, არამედ ადამიანთა გულებსაც.

„ძალიან მხიარული კაცი იყო, ძალიან კეთილი და კეთილმოსურნე. ვისაც ის შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ არის საშინელი ხასიათის და უჟმური, ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც თავისი მოკრძალებული ნიჭის და მომატებული ამბიციების გამო, მასთან საერთო ენა ვერ გამონახა და ვერც გამონახავდა, რადგან ასეთ ხალხთან ძალიან მკაცრი იყო, ისევე როგორც მლიქვნელ, არადისციპლინირებულ, არაპუნქტუალურ ხალხთან. ეს ის თვისებები იყო, რასაც ადამიანში ვერ იტანდა. ჩვენც ვერ ვიტანთ ამას და გვაქვს იმის უფლება, რომ გამოვხატოთ. ვიღაც მოგვწონს, ვიღაც არ მოგვწონს, მაგრამ როდესაც საქმეში ხდება ასეთი არაადეკვატური გადაკვეთა ხელმძღვანელის და იმ მოზარდის, რომელმაც პირიქით, ძალიან ორგანიზებულად და პროფესიონალურად უნდა იმუშაოს, მას თუ შენიშვნას მისცემ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნება“, – ასე იხსენებს ვახტანგ კახიძე მამას თათა სადრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დღეს, როცა თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრს მისი სახელი ჰქვია, თითქოს დრო შეჩერებულა, დარბაზის განათებაში ისევ ის ჩნდება, მშვიდად, დახვეწილად, ხელში დირიჟორის ჯოხით. ორკესტრი ელოდება, და ერთი ნაზი ჟესტით ის იწყებს იმავე წამიდან და თითქოს სიცოცხლე კვლავ ბრუნდება. ჯანსუღ კახიძე აღარ არის სცენაზე, მაგრამ მისი მოძრაობა, მისი სუნთქვა და მისი ხმა კვლავ ცოცხლობს მუსიკაში. ის იყო მაესტრო, რომელიც არა მხოლოდ მუსიკას დირიჟორობდა, არამედ ადამიანთა გულებსაც. ის არ ეძებდა ხმაურს, ის ქმნიდა სიჩუმეს, სადაც ყველა ბგერა გულიდან მოდიოდა. კახიძემ დაგვიტოვა არა მხოლოდ ორკესტრი, ნოტები და ჩანაწერები, არამედ ის განსაკუთრებული განცდა, რომ სულიერება შეიძლება ჟღერდეს. როცა მის მიერ შესრულებულ „იავნანას“ ან „მუხამბაზს“ უსმენ, გრძნობ, როგორ იღვიძებს შენში ის, რაც ყველაზე წმინდაა, სამშობლოს სიყვარული, ბავშვობის ნაზი მოგონება, და ის ტკივილი, რომელიც სილამაზეს ქმნის. დღესაც, როცა მისი მუსიკა იწყება, დრო თითქოს ჩერდება. დარბაზი სუნთქვას აჩერებს, მელოდია ჰაერში იფანტება და გულში ისევ ის ჩნდება, ჯანსუღ კახიძე, ადამიანი, რომელმაც აჩვენა, რომ მუსიკა არა მხოლოდ ისმის, მუსიკა გრძნობაა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g