LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს

138
ფოტო აქციიდან - ზურაბ ცერცვაძე

„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკასთან – მის შემოტანა, რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, ეს სფერო მოწესრიგებული იყოს.

ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება

„ბევრი დემონსტრაცია და მიტინგი გვინახავს, როდესაც დემონსტრანტები შენიღბული იყვნენ. ეს ყოველთვის იწვევდა კითხვის ნიშნებს, თუ რა მოტივაციაა ამ ადამიანების უკან. ასეთი რეგულაციები როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში, ასევე აშშ-ში მოქმედებს.

იდეა მარტივია – ერთი მხრივ, შესაძლებელი უნდა იყოს ადამიანების იდენტიფიცირება, მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი შენიღბულია და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება გართულებულია, ის რა თქმა უნდა, უფრო თამამია კანონდარღვევაში და აგრესიაში. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ევროპაში არსებობს. ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს.

ამ მხრივ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში არის რეგულაციები, როდესაც სახის დაფარვა მთლიანად საჯარო სივრცეში აკრძალულია. ჩვენ უფრო მსუბუქ რეგულაციას მივყვებით, როდესაც ასეთი შეზღუდვები მხოლოდ შეკრებების დროს მოქმედებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პიროტექნიკას, პაპუაშვილმა ამ თემაზე საუბრისას ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას გასულ წლებში ითხოვდნენ.

„მე პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებზე თანამონაწილეების უნდა იყოს აკრძალული…ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ ან ვერა, ახლა ვიღაცა ჟურნალისტს თავს დაესხა, ან მიაგნებ ან ვერა, ასეთი საშინელება ხდება“ – მამუკა მდინარაძე

„ამაზე გასულ წლებში საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრინველებსა თუ ცხოველებზე სწუხდნენ და ახალ წელს მოგვიწოდებდნენ, რომ არ გამოეყენებინათ პიროტექნიკა იმისთვის, რომ ფრინველებს გაფრთხილებდნენ.

ბოლო ერთი კვირაა ჩანს, NGO-ს თუ ცხოველთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებისთვის რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან თავისი წარმოდგენით.

ეს რეგულაციები დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ საჭიროა ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში“. – განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიმდინარე კვირას მიიღებს.

ფოტო: ზურაბ ცერცვაძე

magti 5g