LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ უკრაინული მოდელის „გადმოკოპირებას“ ცდილობს, რაც ქართულ რეალობას არ ასახავს – დეოლიგარქიზაციისთვის რეფორმების გატარებაა საჭირო, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებშიც წერია: ანა ბუჩუკური

123
ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ დეოლიგარქიზაციის საკითხზე საუბრობს და განმარტავს, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც დღეს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაიმართა.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, მმართველი გუნდი უკრაინული მოდელის „გადმოკოპირებას“ ცდილობს, რაც არასწორია, რადგან უკრაინული მოდელი ეხება უცნობი რაოდენობის ფულის და წილის მქონე ბიზნესმენების ფორმალურ ჩართულობას პოლიტიკაში, რაც ქართულ რეალობას არ ასახავს, რადგან ბუჩუკურის განმარტებით ჩვენს ქვეყანაში არაფორმალური გავლენებია.

მისივე განცხადებით, უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟისთვის ანუ დეოლიგარქიზაციისთვის, საჭიროა იმ რეფორმების შესრულება, რომელიც მოგვეთხოვება და რეკომენდაციის სახით მოგვცა ევროკავშირმა.

ის ასევე აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა უკვე დაინახა, რასაც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეუბნება, ან აირჩიეთ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ან ქვეყნის ევროპული პერსპექტივაო. ბუჩუკური დარწმუნებულია, რომ დაწყებულია „ქართული ოცნების“ ელექტორალური რღვევა, რადგან მათი ელექტორატი არის პროევროპელი და თავიანთი შვილებისთვის ევროპა უნდათ.

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხვდება – რა საკითხს განიხილავენ მხარეები

სიმონიშვილი: იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ინსტიტუციები, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო უკრაინაში არსებული კანონის პრეზენტაცია, რომელიც არ ასახავს კონტექსტს და იმ მოცემულობას, რაც საქართველოში გვაქვს.

დეოლიგარქიზაცია არის ჭარბად და უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი. იმისათვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურებოდნენ სახელმწიფოს და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ან ნებისმიერ ფიზიკურ პირს და მისი ფულის დაცვას. დღეს მთელი სახელმწიფო აპარატი ამით არის დაკავებული. დაახლოებით წელიწად-ნახევრის უკან საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით იყო მოწინავე პოზიციაზე, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა არის განვითარებადი დემოკრატიის და არა კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყანა.

განვითარებადი დემოკრატია არის საკმაოდ მყიფე. სახელმწიფო ინსტიტუტების სწორი, გამართული მუშაობა დამოკიდებულია კონკრეტულ ინდივიდებზე, რადგან ცალკე აღებული უწყებები არ არიან ისეთი სიძლიერის, რომლებიც გაუძლებენ პოლიტიკურ რყევებს, ამა თუ იმ პირის გავლენას ფულის თუ სხვადასხვა რესურსების გამო და ა.შ.

ჩვენი გუნდი ვამბობთ, რომ უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟისთვის ანუ დეოლიგარქიზაციისთვის, საჭიროა იმ რეფორმების შესრულება, რომელიც მოგვეთხოვება და რეკომენდაციის სახით მოგვცა ევროკავშირმა. საბოლოო ჯამში ამით გაძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები და მეორე მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტები ვეღარ მოემსახურებიან ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას ან დიდი ფულის და ამოუწურავი რესურსის მქონე ადამიანებს, არამედ მოემსახურება სახელმწიფოს და მოქალაქეს. 

რაც შეეხება უკრაინის კანონს. ნებისმიერი კანონის მიღების დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ეს კანონი უნდა მოემსახუროს იმ ქვეყნის კონტექსტს და საჭიროებებს. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ, როგორია უცხო ქვეყნის პრაქტიკები და ეს კანონშემოქმედებით პროცესში ხშირად გამოიყენება, მაგრამ, როდესაც ნორმალურ კანონზეა საუბარი, არასოდეს არ ხდება კანონის „გადმოკოპირება“. ეს პოზიცია შეხვედრაზეც დავაფიქსირე. თუ უკრაინული მოდელის გადმოკოპირება მოხდება, რომელიც ეხება უცნობი რაოდენობის ფულის და წილის მქონე ბიზნესმენების ფორმალურ ჩართულობას პოლიტიკაში, ეს ქართულ რეალობას არ ასახავს, რადგან ჩვენ მხოლოდ ფორმალურ გავლენებზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენს ქვეყანაში არაფორმალური გავლენებია, შესაბამისად, როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ „მე მივიღებ კანონს, რომელიც იქნება სისტემური მიდგომა და არ იქნება პერსონებზე მიმართული“ და შემდგომ აგრძელებს წინადადებას და ამბობს, რომ „გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, გარდა ბიძინა ივანიშვილისა“, თავის თავს ეწინააღმდეგება. თავშივე ჩანს, რომ ეს არ მოემსახურება იმ მიზანს, რასაც ჰქვია ერთის მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და მეორე მხრივ ფორმალური თუ არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება.

პარტია „საქართველოსთვის“ აბსოლუტურად ყველა ფორმატში ვიღებთ მონაწილეობას, კომუნიკაცია გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციასთან და ასევე ვმონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებშიც, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ შექმნა, რადგან ვიყენებთ ყველა ბერკეტს და ფორმატს, სადაც მცირედი, დადებითი ან პოზიტიური როლის შესრულება მაინც შეგვიძლია.

მაგალითად, დღევანდელ შეხვედრაზე რა საკითხებზეც მოხდა მსჯელობა, გამოვიტანეთ და მედიის საშუალებით საზოგადოებას ვესაუბრებით ამაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდება დახურულ კარს მიღმა. რა თქმა უნდა, არ მოგვწონს მაგრამ, მოცემულობაა ასეთი. ვენდობით, თუ არ ვენდობით დღეს ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება და მათ ხელშია გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქუდი უნდა დავიხუროთ და მივუშვათ ქართული ოცნება და რაც უნდა ის გააკეთოს. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გვაქვს ოპოზიციონერ პარლამენტარებს, მოქალაქეების წინაშე.

ქართული ოცნების ფასს დაკარგული აქვს მნიშვნელობა, რაც ისევ და ისევ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, რომ გავიხსენოთ 19 აპრილის შეთანხმება. როგორ „გადააგდო“ და გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან ქართული ოცნება. ამის მიუხედავად, ეს ჩვენ არ გვაძლევს უფლებას, მმართველ გუნდს ხელი შევუწყოთ, რომ რაღაც გააფუჭოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხრიდან ბრძოლა, ყველა ბერკეტის გამოყენება, რომ თუნდაც მცირედი შანსი, რაც შეიძლება არსებობდეს, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამოვიყენოთ.

ქართველმა ხალხმა უკვე დაინახა, რასაც მათ ქართული ოცნების ხელისუფლება ეუბნება, ან აირჩიეთ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, ან ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ ეს არის უკვე მიზეზი, რის გამოც დაწყებულია ქართული ოცნების ელექტორალური რღვევა, რადგან ქართული ოცნების ელექტორატი არის პროევროპელი და უნდათ ევროპა თავიანთი შვილებისთვის“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

mazda magti 5g