„ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი სურვილს გამოთქვამს, გიგი უგულავა შეცვალოს ციხეში. ამის შესახებ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უგულავა მხოლოდ პირველი მსხვერპლია, რომელსაც ადამიანურად, პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად სოლიდარობას უცხადებს.
„იმდენად დიდია ჩემი სოლიდარობა უგულავას მიმართ, რომ მე მზად ვარ სიმბოლურად დავიკავო მისი ადგილი იმ ვადით, ვიდრე ის გამოვა ციხიდან. მე მიმაჩნია, რომ ასე თავხედურად და უტიფრად ოპონენტს არ უნდა მოექცე. შენ უნდა იცოდე, როდესაც ივანიშვილი ხარ, რომ ეს უბრალოდ ბუმერანგივით არ დაგიბრუნდება, ეს დაგიბრუნდება ისე მწარედ, რომ შემდეგ აღმოჩნდები საცოდავ მდგომარეობაში“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.
მზად ვარ ჩავიდე და ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი: აკაკი ზოიძის ერთკვირიანი გმირობა
მმართველი პარტიის ყოფილი პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან არავითარ მოლაპარაკებას არ აპირებს და იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია საქართველოში გადადგამს ადეკვატურ და მტკიცე ნაბიჯებს.
„უგულავას დაპატიმრებით და ყველა შეთანხმების გადახაზვით ივანიშვილმა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა და ჩატეხა, ვიდრე ასლან აბაშიძემ. ეს არის ხიდი საქართველოსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის, ის ეთამაშება ისეთ ცეცხლს, რომ მსგავსი პოლიტიკური თამაში არავის თავში აზრადაც არ მოსვლია. ასეთი პოლიტიკური თავხედობა, რასაც ივანიშვილი ჩადის, არავის ჩაუდენია. მე მჯერა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია საქართველოში გადადგამს ადეკვატურ და მტკიცე ნაბიჯებს. არავითარი მოლაპარაკება ახლა არ შეიძლება“, – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის – ადამ კიზინგერი უგულავას დაკავებაზე
შეგახსენებთ, რომ არმაზ ახვლედიანი 2013-2016 წლებში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” პოლიტსაბჭოს მდივანი იყო. მანამდე, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრი იყო.
არმაზ ახვლედიანმა პარტია “ქართულ ოცნება” 2016 წლის მაისში დატოვა. მიზეზად კი განმარტა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს ნაკისრ მთავარ ვალდებულებებს არ უერთგულა.