LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პროდუქტები, რომლებსაც ევროპული ბაზრის დაპყრობა შეუძლიათ

169

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერა. ხელშეკრულებას თან ახლავს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების დოკუმენტი (DCFTA), რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ლიბერალიზაციას გულისხმობს. შესაბამისად, ქართველ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანონ.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, ფიქრობს რომ ქართველმა მცირე მეწარმეებმა აქცენტი არა მასობრივი მოხმარების პროდუქტებზე, არამედ ისეთ პროდუქციაზე უნდა გააკეთონ, რომელთა დიდი რაოდენობით წარმოება არაა საჭირო.

ვებ-პორტალის ”ევროპა საქართველოსთვის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლიკა ბასილაია კი ფიქრობს, რომ ქართველ მეწარმეებს საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ იმის შესახებ, თუ რომელ პროდუქტებს აქვთ ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრების პოტენციალი. ამიტომ, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო.

როგორც ბასილაიამ ”ფორტუნას” განუცხადა, ევროკომისიის მიერ აღიარებულია რამდენიმე ქართული პროდუქტი, რომლებსაც როგორც 2016 წელს, ასევე მომავალ წლებში, შესაძლებლობა ექნებათ თავი ევროპულ ქვეყნებში დაიმკვიდრონ.

”მაგალითად, ჰოლანდიურმა მხარემ ჩაატარა მოკვლევა და დასკვნა დადო, რომ მათ ქვეყანაში სექტემბრიდან მაისამდე ქართული მწვანილის სახეობებზე დიდი მოთხოვნაა. გარდა ამისა, ევროკომისიის დასკვნით,  შავი ზღვის თევზს – ქაფშიას ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებამდე ცოტაღა დარჩა,”- განაცხადა ბასილაიამ.

„ფორტუნა“ გთავაზობთ ქართული პროდუქტების სიას, რომლებსაც  ევროპის ბაზარზე საექსპორტო პოტენციალი გააჩნიათ.

  •  თხილი;
  • ქართული ტრადიციული საჭმელები, მაგალითად, გირჩის მურაბა, ჩურჩხელა, ტყლაპი;
  • თაფლი;
  • მსხალი;
  • ზღმარტლი;
  • ქაცვი;
  • ლურჯი მოცვი;
  • დაფნა;
  • მწვანილი;
  • ხურმა;
  • კაკალი;
  • შავი ზღვის თევზი;
  • ღვინო, (მართალია, პორტუგალიურ ღვინოსთან კონკურენცია ქართულ ღვინოს გაუჭირდება, მაგრამ ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ის მაინც შეძლებს);
  • ჩაი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები