LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები უცხოელი ინვესტორებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდა

227

კომპანია “ქლიარსთრიმმა” იმ ბაზრების სიას, რომელსაც თავის კლიენტებს სთავაზობს, 2016 წლიდან საქართველოც მიუერთა.

როგორც „ფორტუნას“ საქართველოს ეროვნულ ბანკში განუმარტეს, ეს დამატებით საშუალებას აძლევს უცხოელ ინვესტორებს ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები შეიძინონ და ქლიარსთრიმში შეინახონ.

„უცხო ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების შეძენას საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი პროცესი უძღვის წინ. ქლიარსთრიმის მსგავსი ფინანსური ინსტიტუტები ამ პროცესს ინვესტორებისთვის საგრძნობლად ამარტივებენ. ქლიარსთრიმმა ერთჯერადად თავად გაიარა ეს პროცედურა, შეისწავლა ქართული ბაზარი, კანონმდებლობა, რეგულაციები.. ადგილობრივ ბაზარზე მომსახურე ბანკად ქლიარსთრიმმა “საქართველოს ბანკი” შეარჩია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკი, რომელსაც ქასთოდი ბიზნესში ღირებული გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი,“- განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

ამ პროცესის დასრულების შემდეგ ქლიარსთრიმის ათასობით კლიენტს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ანგარიში გახსნილი ერთ ან რამდენიმე ვალუტით, უკვე მარტივად შეუძლიათ ამ ანგარიშს დაამატონ ქართული ლარის ქვეანგარიში და შეიძინონ და შეინახონ ქართული ფასიანი ქაღალდები.

„ამ პროცედურების ინდივიდუალურად გავლა ინვესტორებისათვის გაცილებით ხარჯიანი და შრომატევადი პროცესია, და ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, თავს შეიკავებდა საქართველოში ინვესტირებისგან. ამის გათვალისწინებით, უცხოელი ინვესტორების ქართულ ფინანსურ ბაზარზე წვდომისათვის ქლიარსტრიმის შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენა,“- განმარტეს ეროვნულ ბანკში.

მათი ინფორმაციით,  ინვესტორები უკვე სარგებლობენ ახალი ინფრასტრუქტურით. მათი მონაწილეობა კი დადებითად აისახება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოთხოვნის მოცულობასა და საპროცენტო განაკვეთებზე.

ამ ეტაპზე ქლიარსთრიმში შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შენახვა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე კერძო ფასიანი ქაღალდების შენახვაც გახდება შესაძლებელი.

ქლიარსთრიმის სათაო ოფისი, რომელიც  ლუქსემბურგში მდებარეობს, ევროპაში ერთ-ერთი საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის სტატუსის მქონე საფინანსო დაწესებულებაა, 45-წლიანი გამოცდილებით. კომპანია გლობალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დღეისათვის 56 ქვეყნის ბაზარს ფარავს, რომელთა რიცხვს უკვე საქართველოც დაემატა. ქლიარსთრიმს 2500-მდე კლიენტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ჰყავს.

 

magti 5g