LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული შოკოლადის კარაქი აშშ-სა და ევროპაშიც გაიყიდება – „ვეგანური“ საწარმოს გახსნას გეგმავს

64
Untitled

ბრენდ „ვეგანურის“ ქვეშ საქართველოში სასარგებლო შოკოლადის კარაქი იწარმოება, რომელიც შეიცავს მხოლოდ ნატურალურ და მცენარეულ ინგრედიენტებს. ამასთან, კარაქი არის დიეტური, დაბალკალორიული და რაც მთავარია, ბავშვებისთვის რეკომენდირებული. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კომპანიას კარაქის სამი გემო აქვს, ესენია: ქართული თხილი, ქოქოსი და ნუში.

ბრენდ „ვეგანურის“ შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში მისმა დამფუძნებელმა ნატალი რაზმაძემ ისაუბრა.

როდის გამოჩნდა ეს ბრენდი ბაზარზე და რამდენად დიდია საზოგადოების დაინტერესება მის მიმართ?

ჩვენი დაარსებიდან უკვე 1 წელი გავიდა. 2020 წელის 7 ივლისს გამოჩნდა ბრენდი „ვეგანური“ ქართულ ბაზარზე, რომლის დაარსების იდეაც ერთ მშვენიერ საღამოს მომივიდა. მოგეხსენებათ, ვეგანური არის ის პროდუქცია, რომელიც არ შეიცავს არანაირ ცხოველურ ინგრედიენტს, ეს შეიძლება იყოს: რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი და ა.შ. საქართველოში კი ძალიან იშვიათია ვეგანური პროდუქცია და თან, არც ისე გემრიელი. ვინაიდან, მე თვითონ ვარ ვეგანი და გარდა ამისა, ძალიან მიყვარს შოკოლადი, გადავწყვიტე, ჩემთვის და ჩემი ვეგანი მეგობრებისთვის, ვეგანური შოკოლადი დამემზადებინა. მოკლედ, შევქმენით ეს პროდუქტი და არ ველოდი, ისეთი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა თავიდანვე. ახლა უფრო მეტად ვიზრდებით და ვითვისებთ ბაზარს.

-ამ ეტაპზე, რამდენი დასახლების პროდუქციას აწარმოებთ?

ამჟამად, გვაქვს 3 სხვადასხვა სახის შოკოლადის კარაქი. პირველი, რომელიც გამოვუშვით იყო შოკოლადის კარაქი ქართული თხილით, შემდეგ შოკოლადის კარაქი ქოქოსით და დარიჩინით, ცოტა ხნის წინ კი გამოვუშვით კარაქი ნუშის არომატით.

-რა ნედლეულით და სად მზადდება პროდუქცია?

წარმოებისას ვიყენებთ ნამდვილ ქართულ თხილეულს, ყველა პროდუქციას, რაც საქართველოში იწარმოება, ვყიდულობთ ადგილზე, თუმცა მაგალითად, ქოქოსის რძე საქართველოში არ იწარმოება, არც ქოქოსის ზეთი, ამიტომ, ჩვენ გვყავს სპეციალური კურიერები, რომელთაც შეკვეთებს ვაძლევთ და თვითონ მოაქვთ ეს პროდუქცია. დამზადებას რაც შეეხება, გვაქვს მინი საწარმო, სადაც გვყავს დამხმარე ადამიანები, რომლებიც ამზადებენ „ვეგანურის“ შოკოლადის კარაქს, ცხადია, უმაღლესი ხარისხით.

-თუ გყავთ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტები, რითია გამორჩეული „ვეგანურის“ პროდუქცია მათგან?

ადგილობრივ ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს, თუმცა, არის სხვადასხვა დაწესებულებები, რომლებიც ამზადებენ შოკოლადის კარაქებს, სხვადასხვა კაფეები, რესტორნები, მაღაზიებიც, მაგრამ საქართველოში ასე ოფიციალურად, ვეგანური შოკოლადის კარაქი არ იწარმოება. რაც შეეხება გამორჩეულობას, ჩვენი პროდუქცია არის ძალიან ჯანსაღი და მზადდება უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. რეალურად, თვითღირებულებაც საკმაოდ მაღალი აქვს, თუმცა სულ ვცდილობდით, რომ ოპტიმალური ფასი დაგვეჭირა და ჩვენი ნაწარმი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

-სად ხდება თქვენი პროდუქციის რეალიზაცია?

საწყის ეტაპზე, პროდუქციას ვყიდიდით ონლაინ, ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდების დამხარებით. შემდეგ, დაგვიკავშირდა ჟურნალი Entrepreneur და მათი ონლაინ მაღაზია, სადაც ასევე შესაძლებელია „ვეგანურის“ შეძენა. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია იყიდება სავაჭრო ქსელებშიც. ქართული შოკოლადის დაგეგმოვნება შეგიძლიათ „ანტრეშიც“, რომელმაც ვეგანური“ თავის ქსელში შეიტანა, როგორც საუზმის ერთ-ერთი ინგრედიენტი.

– თუ აპირებთ სამომავლოდ „ვეგანურის“ ბრენდის ქვეშ სხვა სახის პროდუქციის გამოშვებას, ან არსებულის გამრავალფეროვნებას?

ცხადია, გვინდა დავამატოთ სხვადასხვა არომატები და ასევე, დავიწყოთ სხვა ტიპის პროდუქციის წარმოებაც. ეს ყველაფერი გეგმაშია, რაც შეეხება ექსპორტს, უახლოეს 2-3 წელიწადში ვაპირებთ ქარხნის აშენებას და გასვლას საერთაშორისო ბაზრებზეც. თავიდან, ვაპირებთ, ამიერკავკასიის ბაზრის ათვისებას, შემდგომ უკვე ვეცდებით, ჩვენი პროდუქია ევროპას და აშშ-საც მივაწოდოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g