LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ქართული სიმღერის ნამდვილი ზეიმი იქნება” – 30 ნოემბერს მაცაცაო სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

25
sebiskveradzer-suxitashvili-ardaidardo

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ნეკა სებისკვერაძესტუმრობდნენ, რომლებმაც  30 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამოზე ისაუბრეს

რა გველოდება 30 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში?

გიორგი სუხიტაშვილი:

მე და ნეკა ახლა მოვდივართ რეპეტიციიდან, ვახტანგ კახიძის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გავდივართ რეპეტიციებს, სხვათა შორის ქალბატონ მაცაცოს ჯერ არ მოუსმენია გაორკესტრებული ვერსიები, 30-ში მოისმენს უკვე სცენაზე. ქალბატონი მაცაცოს შვილი, დავით გერსამია ესწრება აქტიურად რეპეტიციებს და ყველაფრის საქმის კურსშია და ზოგადად უდიდესი წვლილი მიუძღვის მას ამ კონცერტის ორგანიზებაში.

ნეკა სებისკვერაძე:

ქალბატონი მაცაცოს სიმღერები არის საოცრად სახალხო და ყველას გულში ძგერს. ყველგან იმღერება და იღიღინება.  საოცარი ჰარმონია და მელოდიური ხაზი აქვს, რომელიც მის შემოქმედებას ახლავს და საოცრად იმღერება, არანორმალურად დიდი სიამოვნებაა ამ სიმღერების მღერა. მაცაცო ჩემი პირველი მასწავლებელია, პირველად მან გამომიყვანა სცენაზე.

ქალბატონო მაცაცო, როგორ განწყობაზე ხართ, ნერვიულობთ?

მაცაცო სებისკვერაძე:

ისეთი ხალხი მყავს გარშემო შემოკრებილი, ვნერვიულობ კი არა ცაში დავფრინავ სიხარულით. რეზო ლაღიძემ ანდერძი დამიტოვა, რომელსაც დღემდე ვასრულებ, მან მითხრა – ,,მაცაცო, შვილო, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, ეგრე წერე როგორც წერ, ეს არის სიმღერაო”.

ჩემს ყველა სიმღერაში იგრძნობა ჩემი სათქმელი, როდესაც სიმღერის წერას ვიწყებ სულ ვფიქრობ ვინ უნდა იმღეროს, ვის მოუხდება, სამშობლოზე თუ არის სიმღერა, ძარღვი უნდა ჰქონდეს მომღერალს ხმაში, სიყვარულზე თუ არის სიმღერა არ შეიძლება ღვარძლიან ადამიანს ამღერო.

კონცერტს რა სიტყვით ვიწყებ და რა სიტყვით ვამთავრებ, ამასაც ვაქცევ ყურადრებას. ,,ვარ მზითა და სიყვარულით ხვავრიელი” – ამ სიტყვებით დავიწყე სიმღერების წერა და ეს სიტყვები უნდა გავამართლო.

რა მოლოდინები გაქვთ 30-ის კონცერტზე და ვინ მიიღებს მონაწილეობას?

ბევრჯერ მქონია ორკესტრებთან ერთად საღამოები, მაგრამ ეს კიდევ უფრო გამორჩეული და საამაყოა, თბილისის მთავარი ორკესტრია, ჯანოს ორკესტრი… ვახტანგი ძალიან კარგი დირიჟორი და ადამიანია, ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ თავად გამოუთქვამს სურვილი ჩემი კონცერტის გაკეთების, დათოსგან ვიცი და უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობ ამ ინიციატივაში.

აღვნიშნავ, რომ ამ კონცერტში ის მომღერლებიც იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სხვა დროს არ უმღერიათ ჩემს შემოქმდებით საღამოებზე. უამრავი სიურპრიზი ელოდება მაყურებელს.

ნეკა და გიორგის ახალი დუეტი უნდა მოვისმინოთ , მოგვიყევით ამ სიმღერაზე?

ნეკა სებისკვერაძე:

ყველასთვის საყვარელი სიმღერა ,,ისევ ქარი წაიღებს”, ახალი ვერსიის ავტორია ბორიკო შხიანი, ძალიან მომწონს და მიყვარს ეს სიმღერა, სუხიტამ იდეალურად გაითავისა და შეასრულა. 30 – ში  ქართული სიმღერის ნამდვილი ზეიმი იქნება და ვიმედოვნებ, რომ ამ კონცერტის გამეორება მოგვიწევს.

წარმატებას გისურვებთ…

 

გიორგი სუხიტაშვილი & ნეკა სებისკვერაძე – ისევ ქარი წაიღებს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მაცაცო სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ნეკა სებისკვერაძე. ვიდეო კოლაჟი.

 

მაცაცო სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ნეკა სებისკვერაძე. “ღვინო დუდუკი ქალები”. სრული გადაცემა

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g