როგორია ქართული თხილის ევროპული პერსპექტივები და რა შედეგებს მოიტანს თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა? ამ თემებზე ”ფორტუნა” თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს, ალექსანდრე მოწერელიას ესაუბრა.
როგორც მოწერელიამ განმარტა, თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი არის ძალიან მაღალი ხარისხის დოკუმენტი, რომელიც დადებითად უნდა შეფასდეს. ”დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა აწარმოოს ბიზნეს ოპერატორმა თხილი, არის ტერმინოლოგიის განმარტება, ასევე გაწერილია შეფუთვის სახეობები, შენახვის პირობები, ხარისხობრივი მაჩვენებლები. ვფიქრობ, აღნიშნული რეგლამენტი ხელს შეუწყობს ზოგადად ხარისხიანი პროდუქციის წარმოების განვითარებას. ამავე დროს, ერთი ორად აამაღლებს ბიზნეს ოპერატორების პასუხისმგებლობას”, – განაცხადა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დოკუმენტს ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან შექმნილია უსაფრთხო პროდუქციის საწარმოებლად… გარდა ამისა, რეგლამენტის მიღება ემსახურება მთავრობის გეგმავს – საქართველო მსოფლიოში თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა გახდეს.
”თუ გვინდა, რომ სერიოზული ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ, უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა საქართველოდან ექსპორტირებულ იქნეს სტაბილურად მაღალი ხარისხის თხილი. რაც, სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არ გვაქვს. ტექნიკურ რეგლამენტში გაწერილია ისიც, თუ როგორ უნდა მოხდეს გადამუშავებული, დაქუცმაცებული თხილის ექსპორტი- ის ვერ გავა ექსპორეტზე თუ არ შეამოწმებს სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ქართულ თხილს ევროპულ ბაზარზე საკმაოდ დიდი პერსპექტივები გააჩნია, მითუმეტეს რომ ჩვენი ნიშა ამ ბაზარზე ისედაც უკვე გვაქვს”, – აღნიშნა მოწერელიამ.
რაც შეეხება თხილის ფასებს, თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, ამას მსოფლიო ბაზარი განსაზღვრავს. ”მიკვირს იმ ხალხის, ვინც თხილზე ფასების ვარდნას აპროტესტებს, ვინაიდან ამას განსზღვრავს საერთაშორისო ბაზარი. ამ ეტაპზე ბირჟებზე თხილის საკმაოდ დაბალი ფასი ფიქსირდება, ვინაიდან თურქეთში მოსალოდნელი ყინვები არ მოხდა, საქონელი ჭარბადაა და ბუნებრივია, ამან განსაზღვრა პროდუქციის დაბალი ფასიც”, – განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ და აღნიშნა, რომ ფასების პროგნოზირება საკმაოდ რთულია, თუმცა, სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის და თხილზე საბოლოოდ ის ფასი დადგინდება, რაც რეალობასთან ახლოსაა.