LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების კრემებზე მოთხოვნა იზრდება

660

პირველი ქართული კოსმეტიკური ბრენდი ”იზოსია” კრემების ახალ ფორმულებზე მუშაობს.

როგორც ”ფორტუნას” ბრენდის დამფუძნებელმა,  ინდივიდუალურმა მეწარმემ იზო გოგოძემ განუცხადა,  ახალი  კრემები ბაზარზე ”იზოსია 2”-ის სახელით გამოვა და მათი ღირებულება დაახლოებით 100 ლარამდე იქნება.

”სავარაუდოდ,  ახალ ფორმულაზე მუშაობა ერთ კვირაში დასრულდება. ისევე როგორც პირველი ფორმულის შემთხვევაში, ამჯერადაც 5 სახეობის კრემს ვაწარმოებთ , 30 მილიგრამიან შეფუთვაში”, – განაცხადა გოგოძემ და აღნიშნა, რომ ”იზოსია 2”-ის კრემები შედარებით მაღალფასიანი იქნება.

”ამ ეტაპზე მაქვს არგანის, ატმის, ჟოჟობას, ავოკადოსა და წიპწის კრემები, რომელთა გასაყიდი ფასი 60-70 ლარის ფარგლებშია. ახალი ფორმულით დამზადებული პროდუქცია კი 100 ლარამდე ეღირება. მიუხედავად მაღალი ღირებულებისა, ქართული წარმოების კრემზე დიდი მოთხოვნაა. მყიდველთა რაოდენობა მუდმივად იზრდება”, – განაცხადა ბრენდის დამფუძნებელმა.

როგორც  გოგოძემ განმარტა, ზაფხულში კრემებზე მოთხოვნა ზოგადად იკლებს ხოლმე, მიუხედავად ამისა ”იზოსიას” გაყიდვებით კმაყოფილია. ”ამ სეზონზე საოცრად მზარდია დაკვეთები  ქართველი მომხმარებლის მხრიდან.  მეშინია კიდეც,  რომ ვერ დავაკმაყოფილებთ ბაზრის მოთხოვნას”, – აღნიშნა გოგოძემ და დასძინა, რომ კომპანია თვიურად 500-დან 600 კოლოფამდე კრემს აწარმოებს.

ცნობისთვის, ”იზოსიას” კრემების კომერციული მიზნით წარმოება თითქმის  ერთი წელია დაიწყო.  კომპანია საკუთარ მინი საწარმოს ფლობს, სადაც 10 ადამიანია დასაქმებული.  რაც შეეხება რეალიზაციას, ბრენდი აქვს  საკუთარი მაღაზია თბილისში, ვერაზე.   გარდა ამისა, ამ დროისთვის პროდუქციის  ექსპორტი იტალიაში ხორციელდება, სადაც მის პოპულარიზაციას ქართული სათვისტომო ეწევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები