ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი საფრანგეთის წიგნის ბაზარზე ქართული ლიტერატურის აქტიურ პოპულარიზაციას იწყებს.
ამ მიზნით, დღეს, პარიზში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა ფრანგ კოლეგასთან, საფრანგეთში წიგნის ეროვნული ცენტრის (CNL) პრეზიდენტთან ვენსან მონადესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმების ინიცირებაში მონაწილეობს საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამთავროში.
მემორანდუმი საგამომცემლო, მთარგმნელობით და კითხვის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაღრმავებას ითვალისწინებს. კერძოდ; ქართულ-ფრანგული ლიტერატურული თარგმანების პროცესის განვითარებას; ფრანგ და ქართველ გამომცემლებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას; მთარგმნელების პროფესიული სტაჟირების ხელშეწყობას, საავტორო უფლებების დაცვის მხრივ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ზოგადად, საგამომცემლო სფეროში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას. თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება გაცვლითი პროგრამები როგორც ქართველი და ფრანგი ავტორებისთვის, ასევე მთარგმნელებისთვის, გამომცემლებისთვის, დისტრიბუტორებისა და ბიბლიოთეკარებისთვის.
სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, მედეა მეტრეველი შეხვედრებს გამართავს ფრანგული გამოცემების საერთაშორისო ბიუროს, ფრანგული ინსტიტუტისა და პარიზის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელებთან.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით პარიზში იმყოფენიან ქართული გამომცემლობების: ბაკურ სულაკაურის, გია ქარჩხაძისა და წიგნები ბათუმში წარმომადგენლები. ისინი ფრანგ კოლეგებს ქართველი ავტორების პორტფოლიოებს შესთავაზებენ და საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის კუთხით შეხვედრებს გამართავენ.