LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ბანკებმა დაბლოკეს ჩემი და მეუღლის ყველა ანგარიში, იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, დის, ჩემი 76 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს“ – რა მიმართვას ავრცელებს ლევან ვასაძე

181
ლევან ვასაძე

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვრცელ წე­რილს, რომელიც მისი განცხადებით, კონ­სერ­ვა­ტორ ბრი­ტა­ნელ მე­გობ­რებს 20 სექ­ტემ­ბერს გა­უგ­ზავ­ნა.

აღნიშნულ წერილში ლევან ვასაძე საუბრობს ბრიტანეთის მთავრობის სანქციებზე, რომელიც მას დაუწესეს.

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ვასაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

მისივე თქმით, ამ განცხადების გავრცელებისთანავე, საქართველოს საბანკო სისტემამ „დევნა განახორციელა“ არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის წევრების მიმართაც.

ლევან ვასაძის მიერ გავრცელებულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ფაქტები

გუშინ, 2025 წლის 19 სექტემბერს, პარასკევს, ბრიტანეთის მთავრობამ თავისი ოფიციალური ვებგვერდის (www.gov.uk) საშუალებით ჩემს მიმართ გამოაცხადა სანქციები შემდეგი მცდარი ფორმულირებით: „ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე გახდა სამიზნე იმის გამო, რომ საკუთარი მედია-პლატფორმებით პრორუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს.“ ქვემოთ დავამტკიცებ, რომ ამ ფორმულირებაში თითოეული განცხადება მცდარია. მე არც ქართველი პოლიტიკოსი ვარ, არც მედიამაგნატი და არასოდეს გამივრცელებია არავითარი „პრორუსული დეზინფორმაცია“.

ამ განცხადების გავრცელებისთანავე, საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც (მსგავს ქმედებას წარსულში მხოლოდ „ბოლშევიკები“ და ნაცისტები თუ სჩადიოდნენ).

კერძოდ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკმა „თიბისიმ“ დაბლოკა ჩემი, ჩემი მეუღლის (რვა შვილის დედის) ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, ჩემი დის, ჩემი 76 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს და ასევე ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.

მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“ – მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, „თიბისისთან“ ერთად, „საქართველოს ბანკმაც“ საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს – მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.

ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება.

ამ ქმედებებით, ყველა ეს ქართული ბანკი არღვევს სუვერენული ქვეყნის კანონდებლობას: საქართველოს კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა“. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრინციპზე დაყრდნობით, 2023 წლიდან შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ანალოგიური გადაწყვეტილება ეხება საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლის წილს ან აქციას ფლობენ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეები.

მე არასოდეს მჭერია და არც ამჟამადაც ვიკავებ არავითარ თანამდებობას ხელისუფლებაში; არ ვეკუთვნოდი და არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას. და მიუხედავად იმისა, რომ ვარ ქართველი საზოგადო მოღვაწე, არ ვარ პოლიტიკოსი.

მართალია, რომ 2021 წლის მაისში ვცადე პოლიტიკაში შესვლა: დავაფუძნე საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“, რომელიც მომავალში პარტიად უნდა გადაქცეულიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, უეცრად დამემართა მძიმე და სასიკვდილო დაავადება – სისხლის კიბოს ფორმა „მრავალჯერადი მიელომა“, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დასხივებამ ან მოწამვლამ. ამას დაემატა AL ტიპის ამილოიდოზიც. მანამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, ვინაიდან ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი ვარ. მიუხედავად ჩემი უეცარი ავადობის საეჭვო გარემოებებისა, და მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს გამოუძიებია ეს შემთხვევა.

იმავე 2021 წელს, ექვსი თვის განმავლობაში ჩავიტარე ქიმიოთერაპიის 24 კურსი. მკურნალობას ძლივს გადავურჩი და ძლივს ავიცილე თავიდან გულისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რისი რეკომენდაციაც მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალებით ვცდილობდი ჯანმრთელობის აღდგენას, მუდმივი სისუსტისა და დაუძლურებული მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მეთქვა და საჯარო გამოსვლებსა და ნებისმიერი სახის პოლიტიკურ აქტივობებს ჩამოვშორებოდი.

უკვე წელიწადნახევარზე მეტია – თითქმის ორი წელიც – აღარ მქონია საჯარო გამოსვლა საქართველოში არსებულ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ოჯახურ ცხოვრებასა და ბიზნესსაქმიანობას დავუბრუნდი და პარალელურად ვაგრძელებ ქრონიკული დაავადებების მუდმივ მკურნალობას. ამიტომ, ამ მიზეზითაც, შეუძლებელია მე პოლიტიკოსთა რიცხვს მიმაკუთვნონ, შესაძლებელია მხოლოდ დამახასიათონ როგორც საზოგადო მოღვაწე, რომელიც აწ უკვე ორი წელია იძულებული გახდა შეეჩერებინა თავისი საჯარო წერილები და გამოსვლები პოდკასტების სახით.

არანაკლებ მცდარია ბრალდება, თითქოს მე „მედიამაგნატი“ ვიყო. ჩემი მძიმე ავადმყოფობისა და ზემოხსენებული მკურნალობის პერიოდში, ჩემი სიცოცხლისთვის ბრძოლის ამბავი მთავარი მედიასაშუალებების უმრავლესობამ ჩაახშო და სრულიად დააიგნორა. მხოლოდ ერთი ტელეინტერვიუ ჩაიწერა ჩემთან, მაგრამ ისიც ერთი წლის დაგვიანებით გავიდა ეთერში და მასში ჩაწერილი მასალის ნახევარზე მეტი ამოჭრილი იყო „TV იმედი“-ს მიერ.

ჩემს დღიურს – „უძლურის დღიური“ – რომელიც ავადმყოფობისას დავწერე და ლამის მომაკვდავი ვწერდი, ფეისბუქმა გავრცელება დაუბლოკა, იმ ე.წ. „ფაქტ-ჩეკერების“ აქტიურობით, რომლებიც, არსებითად, ჯორჯ სოროსისა და USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსებული არასამთავრობოები არიან.

ანალოგიური ბედი ეწია ჩემს წერილს „ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები“, რომელიც დღიურამდე დავწერე და სადაც ფაქტობრივად, მთელი სიზუსტით გადმოვეცი ის მოვლენები, რამაც ჩემი ავადმყოფობა გამოიწვია. ისიც წაშალეს ფეისბუქიდან.

სიტყვის თავისუფლების ამ მუდმივმა შეზღუდვამ მაიძულა, გამომენახა დრო და სახსრები და დამეარსებინა პატარა საკაბელო სატელევიზიო არხი – „ერი მედია“, რომელიც იქნებოდა ერთგვარი სივრცე ჩემი და ტრადიციული საზოგადოების სხვა პატივსაცემი წევრების კონსერვატორული აზრის გამოსახატად. თუმცა, გასულ წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჯარო გამოსვლებზე საბოლოო უარის თქმის შემდეგ, ეს არხიც დავხურე და მას შემდეგ აღარ ფუნქციონირებს (დღეს მხოლოდ გვერდი რჩება სოციალურ მედიაში). აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ვინმემ მე „მედიამაგნატი“ მიწოდოს.

არასოდეს გამივრცელებია „პრორუსული დეზინფორმაცია“ (ისე, საერთოდ რა სამართლებრივი ტერმინია „pump out“?), რასაც საქართველოში მონიტორინგს უწევს შესაბამისი მარეგულირებელი უწყება. არხის მოკლევადიანი მაუწყებლობისას მათგან არასოდეს მიმიღია რაიმე სახის სანქცია ან გაფრთხილება. ჩემი ყველა მოსაზრება და ანალიზი ყოველთვის გამოხატული იყო თავისუფლად და ზრდილობიანად, კანონებისა და ეთიკური ნორმების ფარგლებში.

არასოდეს დამიჭერია მხარი უკრაინის ომისთვის. პირიქით, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, უზომოდ დამამწუხრა ამ ამბავმა. ომის მიზეზების შესახებ ჩემი ანალიზი ყოველთვის ეფუძნებოდა ბევრი დასავლელი, ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი მოაზროვნის, დიპლომატის და სამხედრო და უსაფრთხოების დარგის ექსპერტის ნაშრომებსა და ლექციებს. მათ შორის არიან პროფესორები ჯეფრი საქსი, ჯონ მერშაიმერი, გლენ დისენი; ელჩი ჩეზ ფრიმანი; პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი; გაეროს შეიარაღების ყოფილი ინსპექტორი სკოტ რიტერი; პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი; მოსამართლე ენდრიუ ნაპოლიტანო; ჟურნალისტები სეიმურ ჰერში, კრისტოფერ ჰეჯესი, მაქს ბლუმენტალი, კლეიტონ და ნატალი მორისები, ტაკერ კარლსონი და სხვები. არცერთი მათგანი არ ყოფილა ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირებული „პრორუსული დეზინფორმაციის“ გავრცელების გამო. ჩემს ანალიზში ვერავინ იპოვის „რუსული პროპაგანდის“ წყაროს ან მითითებას – ყოველთვის ვცდილობ განვასხვავო ნებისმიერი ქვეყნის პროპაგანდა რეალური მოვლენებისგან.

მაგალითად, სანქციებში ერთ-ერთი ბრალდება ისიცაა, თითქოს მე მტკიცებითში მითქვამს, რომ 2014 წელს მაიდანზე მომიტინგეთა მკვლელობაში მონაწილე სნაიპერებს შორის ქართველებიც იყვნენ. სინამდვილეში, ჩემი საუბრის ზუსტი ტექსტი ასე ჟღერს: „…მე მინდა შეგახსენოთ რითი დაიწყო ეს ყველაფერი: ვიქტორია ნულანდი, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორი… მოადგილე… ჩავიდა კიევში… და არიგებდა ფუნთუშებს რევოლუციონერებზე, რომლებიც ამხობდნენ ვიქტორ იანუკოვიჩს, კანონიერად არჩეულ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც არ უნდოდა რუსეთთან დაპირისპირება ევროპის ხარჯზე. ამის მერე ასამდე ადამიანი ამ დემონსტრანტებიდან იღუპება ახლო მდგომი ფანჯრებიდან… თუ სასტუმროს ფანჯრებიდან გასროლილი … ტყვიებით, რომელთა რიგებშიც, სამწუხაროდ არის ეჭვი, რომ იყვნენ ქართველი ქილერებიც“. ეს ფორმულირება, როგორც ჩემი ყველა სხვა განცხადება, სრულად შეესაბამება იმ დასავლელი ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ნარატივს, რომლებიც ზემოთ დავასახელე.

ამიტომ, ამ ბრალდებების აბსურდულობიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნის გაკეთება შემიძლია: ან ბრიტანეთის მთავრობა მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც ჯორჯ სოროსისა და USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსებით მოქმედებენ, ან ეს მცდარი ბრალდებები უბრალოდ გამოყენებულია სხვა, ჩემთვის უცნობი მიზეზით ჩემი დევნის გასამართლებლად.

ფიქრები და მოსაზრებები

როდესაც ვფიქრობ ბრიტანეთის მიერ ჩემზე დაწესებული სანქციების შედეგებზე, მახსენდება, როგორ წავედით მთელი ოჯახი ბრიტანეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ და როგორ გადავწყვიტეთ კენტის საგრაფოში, სევენოუქში დასახლება. რატომ გავაკეთებდი ამას, რომ არა ჩემი რწმენა, რომ ბრიტანული კულტურა და საზოგადოება მეგობრული იყო ჩვენს მიმართ?!

რუსული კულტურისადმი და რუსი ხალხისადმი ჩემი ფართოდ ცნობილი სიმპათიის მიუხედავად, ამ ხანმოკლე და სასტიკი ომის მძიმე დღეებში მქონდა საფუძველი მეფიქრა, რომ თუ რუსული არმია გადაწყვეტდა თბილისამდე მოსვლას და მიხეილ სააკაშვილის ნეოკონებით მართული, პროვოკაციული და სასტიკი რეჟიმის დამხობას, დიდი ალბათობით მე იმ მცირერიცხოვან ქართველებს შორის ვიქნებოდი, ვისაც რუსები შეეცდებოდნენ დაეყოლიებინათ ომისშემდგომი ქვეყნის მართვაში თანამშრომლობაზე – მხოლოდ იმიტომ, რომ 90-იან წლებში, აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, მოსკოვში გატარებული ჩემი ბიზნეს-წლების განმავლობაში მქონდა კავშირების ფართო ქსელი. იდეალური სცენარია „კრემლის ნებისმიერი ჯაშუშისათვის“ – და სწორედ ის, რაშიც ბრიტანეთის გუშინდელი სანქციები მადანაშაულებს თითქმის 20 წლის შემდეგ.

როგორ მივედით აქამდე? ყოველგვარი მსხვერპლის როლში ყოფნის, „ნიანგის ცრემლების“ დაღვრისა თუ ამაო ნარცისიზმის გარეშე – ამ სამყაროში, რომელიც სავსეა მუდმივი ტანჯვითა და უსამართლობით – მე ძალიან მკაფიო წარმოდგენა მაქვს მომხდარზე. ნება მომეცით, ძვირფასო ბრიტანელო მეგობრებო, ზემოთ მოცემული ფაქტობრივი ნაწილის გარდა, რამდენიმე სიტყვით გაგიზიაროთ ეს ხედვა.

ჩემს თაობის რომელი ქართველი ინტელიგენტი გაიზარდა ისე, რომ „ბითლზის“ მუსიკა არ მოესმინა და რობერტ სტურუას შექსპირის გენიალური ინტერპრეტაციები არ ენახა? ვის არ შეუფასებია სერ ალფრედ ტენისონის პოეზია და თომას მორის „უტოპია“, სიმართლისათვის თავგანწირვის ნიმუში? ვის არ შეხვედრია როჯერ და ფრენსის ბეკონების ნააზრევი, უილიამ ოკამის სამართებელი (პრობლემების გადაჭრის პრინციპი) და ანსელმ კენტერბერიელის თეოლოგიური ფილოსოფია? ვის არ მოუსმენია „როლინგ სტოუნზი“ და არ უგემია ჯერომ კ. ჯერომის იუმორი? ვის არ ახსოვს შესანიშნავი საბჭოთა ანიმაციები, რომლებიც რადიარდ კიპლინგის „მაუგლის“ მიხედვით შეიქმნა, ან ვასილ ლივანოვის შეუდარებელი შერლოკ ჰოლმსი, კონან დოილის ნაწარმოებების მიხედვით?!

მაშინაც კი, როცა ფრანგულ ან ამერიკულ კლასიკას ვკითხულობთ, ინგლისელები ხშირად დადებით მხარეს წარმოადგენენ – იქნება ეს ჯეიმზ ფენიმორ კუპერის შედარებებში, სადაც ინგლისელთა მიერ ამერიკელი ინდიელების კოლონიზაცია ფრანგებისას უპირისპირებდა, თუ ალექსანდრე დიუმას რომანებში, სადაც ბუკინგემის ჰერცოგი, პატიოსანი და ღირსეულ კაცი, ფრანგების დედოფალზეა შეყვარებული. იგივე შეიძლება ითქვას დასავლეთზე, მთლიანობაში: ჩვენ მას ვუყურებდით, როგორც „მბრწყინავ ქალაქს გორაკზე“, სადაც პირადი, რელიგიური, სამეწარმეო და პოლიტიკური თავისუფლებები შესაძლებელი იყო. ასეთად კი განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი გვესახებოდა.

საჭიროა აღვწერო ის იმედგაცრუება, რომელიც მოგვიტანა ლიბერალურმა, გლობალისტურმა, ანტიტრადიციულმა დასავლეთმა? მათ არავითარი პარტნიორული კულტურა არ გამოავლინეს – მხოლოდ სურვილი, რომ ჩვენს ახალ ბატონებად ქცეულიყვნენ.

ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში მიმდინარე გაღარიბება, დეინდუსტრიალიზაცია და დეგრადაცია თავიდან „ტრანზიციის პერიოდს“ დაბრალდა, შემდეგ კი – ჩვენს კორუფციას (თითქოს დასავლეთს ის ლეგალიზებული არ ჰქონდეს ვაშინგტონსა და ბრიუსელში არსებული პოლიტიკური ლობისტური სისტემით). სინამდვილეში კი ეს ყველაფერი დასავლელი „ინვესტორების“ მიერ განხორციელებული სასტიკი ძარცვა აღმოჩნდა.

თუმცა, ესეც კი გაცილებით ნაკლებ მტკივნეული და ასატანი იქნებოდა ჩვენთვის, რომ არა სრულიად მოულოდნელი რამ.

გლობალისტი ლიბერალების მიერ დომინირებული დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის საგარეო პოლიტიკა საბოლოოდ სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა იმ მოლოდინებისა, რაც გვქონდა:

– რელიგიური თავისუფლების ნაცვლად, დასავლეთმა მხოლოდ იმ არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დაფინანსება დაიწყო, რომლებიც შეუჩერებლად ესხმოდნენ თავს ადგილობრივ ეკლესიებსა და სასულიერო პირებს;

– ჩვენი ნორმალური, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მიმართ მხარდაჭერისა, ან თუნდაც ნეიტრალიტეტის ნაცვლად, დასავლეთი თითქმის მთლიანად ისეთ პროექტებს აფინანსებდა, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდობისთვის LGBTQ+ იდეოლოგიის პროპაგანდას, ან ისეთ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ საზღვრების გახსნას ახლო აღმოსავლეთიდან არალეგალური მიგრაციისთვის, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და კაზინოების გავრცელებას ყოველი ქუჩის კუთხეში.

– სიტყვის თავისუფლების ნაცვლად, დასავლურმა ლიბერალურმა გლობალიზმმა ისეთი შემზარავი ორუელისეული ცენზურა მოგვახვია თავს, რომლის წარმოდგენაც ალბათ ყველაზე ფანტასტიკურ წარმოსახვაშიც კი გაგვიჭირდებოდა;

– დემოკრატიის ნაცვლად, დასავლეთმა მხარი დაუჭირა სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე სასტიკ და ცინიკურ დიქტატურას და კვლავაც აგრძელებს მის დისკრედიტებულ ნარჩენთა მხარდაჭერას, მუდმივი მცდელობით, რომ კიდევ ერთი „ფერადი რევოლუცია“ მოაწყოს;

– დაბალანსებული და პრაგმატული რეგიონული პოლიტიკის ნაცვლად, დასავლეთი განუწყვეტლივ უბიძგებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს – როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას – მიიყვანონ ქვეყანა თვითმკვლელობამდე და აქციონ იგი რუსოფობიის გამანადგურებელი ალის მსხვერპლად.

შედეგად, 30 წლის შემდეგ მივიღეთ დემოგრაფიული კატასტროფა: საქართველოს მოსახლეობა 5,2 მილიონიდან შემცირდა 3,7 მილიონამდე; განქორწინების მაჩვენებელი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს მხოლოდ 5% იყო, დღეს თბილისში თითქმის 70%-ს აღწევს; ნარკომანიის ეპიდემია – 10 ათასი მომხმარებლიდან 350 ათასამდე გაიზარდა იმავე პერიოდში; აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი – 10 ათასზე ნაკლები მაჩვენებლიდან გაიზარდა 700 ათასამდე; 1,5 მილიონი ემიგრანტი, 300 ათასი იმიგრანტი; ქვეყნის ტერიტორიის 22% ოკუპირებულია; 400 ათასზე მეტი დევნილი გვყავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებსაც დაბრუნების შანსი არ აქვთ, იმ პირობებში, როდესაც დასავლეთი გვიკრძალავს რუსეთთან საუბრსაც კი; დასავლეთის რჩეული სააკაშვილის რეჟიმის სასტიკი 9-წლიანი მმართველობისას – 330 ათასზე მეტი დაპატიმრებული მამაკაცი, გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი ქართულ სასამართლოებში 0,5%-ზე ნაკლები და თითქმის არავინ გათავისუფლებულა გამოსასყიდის გარეშე; 9,940 ბიზნესი განადგურებული და ჩამორთმეული; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა – 1%-ზე ნაკლებიდან 10%-მდე გაზრდილი; მოსახლეობის პირადი ვალები დასავლეთის კონტროლირებადი ბანკების მიმართ – ნულიდან საშუალოდ წლიური შემოსავლის 100%-ზე მეტად გაზრდილი და ა.შ. ამ ყველაფერს დაემატა დასავლეთის შეუჩერებელი მოთხოვნა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, რაც გარდაუვლად გამოიწვევს კიდევ ათასობით ქართველის სიკვდილს, ახალი ტერიტორიების დაკარგვას და ასიათასობით ახალ დევნილს.

სად გადის ის ზღვარი, სადაც ადამიანი ხმას იმაღლებს თავისი სამშობლოს დაღუპვის წინააღმდეგ, როდესაც სანაცვლოდ მხოლოდ ბუნდოვან და მიუღწევად დაპირებებს იღებს – ნატო-ში შესვლას (რაც ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაზე საბოლოო უარის თქმას) და ევროკავშირში გაწევრიანებას, საიდანაც თავად ბრიტანეთმა „ბრექსიტით“ გასვლა არჩია.

ჩემთვის და უამრავი ქართველი მამისთვის „წითელი ხაზი“ გახდა ჩვენი შვილების დასახიჩრება სქესის შეცვლის ოპერაციებით, მათი გარყვნა LGBTQ+ იდეოლოგიის პროპაგანდით სკოლებსა და უნივერსიტეტებში და მშობლებისათვის შვილების ჩამორთმევა დასავლეთის მხარდაჭერილი „იუვენალური იუსტიციის“ კანონებით.

დანარჩენი უკვე ისტორიაა. როგორც არ უნდა მეცადა, გარდაუვალი იყო, რომ ლიბერალური მედია და არასამთავრობო სექტორი დამასახელებდა „საზოგადოების მტრად“, „სადისტად“, „კრიმინალად“ და რა თქმა უნდა, „რუს ჯაშუშად“ – ზუსტად ისე, როგორც აკრავენ იარლიყებს კონსერვატორებს მთელ მსოფლიოში.

ვაცნობიერებდი რა იმ საფრთხეებს, რის წინაშეც შეიძლებოდა ჩემი ოჯახი დამდგარიყო, არასოდეს მომნდომებია მათი კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება და წლების განმავლობაში პრაქტიკული პოლიტიკისგან თავს ვიკავებდი.

2021 წელს კი, ჩემი მხარდამჭერების მუდმივი ბრალდებების („მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს“) გამო გადავწყვიტე გადამელახა ეს „რუბიკონი“ და, როგორც ზემოთ აღვწერე, ლამის ჩემი სიცოცხლე შევწირე. საქართველოში ალბათ არავის – არც ჩემს მეგობრებს და არც ჩემს ოპონენტებს – არ ეპარება ეჭვი ჩემი ავად გახდომის წარმომავლობაში.

ბევრად ადრე, იმ საბედისწერო ნაბიჯამდე – ჯერ კიდევ 2007 წელს, სანამ დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადავიდოდი – მე და ჩემმა ბრიტანელმა მეგობარმა დავაფუძნეთ საქველმოქმედო მოტო-რალი „ლონდონი–თბილისი“ და რამდენიმე წლის განმავლობაში ვმართავდით მას, სხვადასხვა ავადობის მქონე ბავშვებისთვის თანხის შესაგროვებლად როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში.

კენტში ცხოვრებისას, სტუმრად ჩამოსულ ქართველ მეგობართან ერთად, სერ ოლივერ და მარჯორი უორდროპების მივიწყებული საფლავი აღმოვაჩინე. სერ ოლივერი გახლდათ მისი უდიდებულესობის პირველი ელჩი სამხრეთ კავკასიაში, ხოლო მარჯორი უორდროპი – შოთა რუსთაველის XII საუკუნის პოემის „ვეფხისტყაოსანის“ ინგლისურად მთარგმნელი. ჩვენ ეს ძვირფასი საფლავი გავასუფთავეთ და ყვავილები მივიტანეთ, რითიც პატივისცემა გამოვხატეთ ბრიტანული კულტურისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ამ კულტურის მემკვიდრეებს ზოგჯერ თავადაც ავიწყდებათ იგი.

უკვე საქართველოში დაბრუნებულმა, სევენოუქსის „ეიკორნსის“ ვეტერანი რაგბის გუნდი, რომელშიც კენტში ცხოვრებისას ვთამაშობდი, საქართველოში მოვიპატიჟე, ვუმასპინძლე, ვაჩვენე ჩვენი სკოლა, ჩვენი რაგბის კლუბი და ჩვენი სტუმართმოყვარეობის საუკეთესო ტრადიციისამებრ ვუმასპინძლე.

დღეს, როცა ბრიტანეთის მთავრობამ ჩემზე ეს აბსურდული სანქციები გამოაცხადა – რაც, როგორც ვვარაუდობ, ქართული არასამთავრობო სექტორის ტოქსიკური ლიბერალების ცრუ ცნობებისა და ბრალდებების შედეგია – ვფქრობ, საერთოდ ღირს თუ არა სამართლებრივი გზით ბრძოლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, რათა დავუპირისპირდე ჩემს მიმართ ამ უსამართლო და აბსურდულ გადაწყვეტილებას?! და როგორი უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს, ქართული საზოგადოების ერთი რიგითი წევრი ხელოვნურად წარმომაჩინოს „მტრად“?!

არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდესმე მომცემს თუ არა საშუალებას, რომ დავუბრუნდე საქართველოში საზოგადო მოღვაწის აქტიურ და უმადურ საქმიანობას. მაგრამ იმ ეპოქაში, როცა ღირსება, გონივრულობა, სამართლიანობა და თავისუფლება უკუსვლას განიცდის, მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ არა მხოლოდ ჩემი ოჯახის და საკუთარი თავის, არამედ საქართველოში დიდი ბრიტანეთის იმიჯის წინაშეც, ნებისმიერ შემთხვევაში გავასაჩივრო ჩემს მიმართ არსებული ეს უსამართლო გადაწყვეტილება და მოვითხოვო მისი გაუქმება.

ამიტომ, ზემოთქმული ყველა გარემოების გათვალისწინებით, იძულებული ვარ, სამართლებრივი დაცვის პროცედურები დავიწყო როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში. მათი შედეგის მიუხედავად, თუ, სამწუხაროდ, ბრიტანეთის მთავრობა კვლავაც განაგრძობს ტრადიციული ქართული საზოგადოების აღქმას, როგორც დამღუპველი ლიბერალურ-გლობალისტური დღის წესრიგის დაუმორჩილებელ მსახურებად, მე ამ სანქციებს, მათ საბოლოო გაუქმებამდე, ვატარებ საპატიო ნიშანივით. ამავდროულად, ვიდარდებ ჩემთვის ძვირფას ბრიტანულ მეგობრობასა და კავშირებზე. ეს იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ აღნიშნული დღის წესრიგის მიღებაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენი ერის, ისე სახელმწიფოს არსებობას.

თუმცა, თუ ღმერთის წყალობით, ბრიტანული საზოგადოება გამოიღვიძებს ლონდონის ქუჩებში, ამერიკაში დაწყებული კონსერვატიული გარდატეხის მსგავსად, მე დაველოდები, როდის წაიღებს ტემზაც და მტკვარიც „იმ იდეების გვამებს“, რომლებიც საქართველოსა და ბრიტანეთის მეგობრობას მტრობენ. მეგობრობას, რომელმაც შეიძლება მხოლოდ მაშინ შეინარჩუნოს სიცოცხლე, თუ ერთმანეთის ტრადიციების ღრმა პატივისცემითა და წმინდა გიორგისნაირი ერთგულებით დავიცავთ ჭეშმარიტებას.

ლევან ვასაძე. 20.09.2025“, – აღნიშნულია ლევან ვასაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

📌 ლევან ვასაძე – წერილი ჩემს კონსერვატორ ბრიტანელ მეგობრებს | English original text follows below ⬇️ ფაქტები 🔶 გუშინ,…

Posted by მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi on ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g