სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა ”ქართული მწვანილი” რუკოლას მოყვანა დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” კოოპერატივის ხელმძღვანელმა პაატა ჭარაქაშვილმა განუცხადა, ქართული მიწა და კლიმატური პირობები ხელსაყრელია უმაღლესი ხარისხის რუკოლას მოსაყვანად.
”მოგეხსენებათ, ევროპულ ბაზარზე გასასვლელად ვემზადებით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი გასატანი მწვანილების რაოდენობა გაგვეზარდა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ რუკოლას მოყვანა. აღნიშნულ მწვანილზე ევროპაში დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება იტალიურ სამზარეულოში”, – განაცხადა ჭარაქაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კოოპერატივი მოლაპარაკებებს ევროპულ ქვეყნებთან აწარმოებს. ”ქართული მწვანილი” ჰოლანდიურ სავაჭრო სახლებთან თანამშრომლობს.
”გვყავდა ჰოლანდიელი ექსპერტები ჩვენი კოოპერატივის შესასწავლად ჩამოყვანილი. მივიღეთ რეკომენდაციები, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ამის შემდეგ, უკვე ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ სპეციალურ სერთიფიკატს ევროპულ ბაზარზე გასასვლელად”, – აღნიშნა ”ქართული მწვანილის” ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ”ქართული მწვანილი” 2015 წლის აპრილში, იმერეთში დაარსდა. ამ ეტაპზე კოოპერატივი 12 წევრისგან შედგება.