27 სექტემბრიდან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველო ამ კონფლიქტში აზერბაიჯანს უჭერს მხარს. ამასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook გვერდზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი პოსტს აქვეყნებს:
“ძვირფასო თანამემამულეებო.
ბოლო დროს სოციალურ მედიაში შემაშფოთებელი ტენდენცია შეინიშნება. კონკრეტულად, კონკრეტული ფეიკანგარიშები, რომლებიც ცნობილი და უცნობი ცენტრებიდან იმართებიან, საჯარო აღქმაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ, თითქოს საქართველო და ქართველები შეიარაღებულ კონფლიქტში აზერბაიჯანს უჭერენ მხარს.
მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და თავი შეიკავეთ მსგავსი დეზინფორმაციის შექმნისა და გავრცელებისგან. ვაცხადებ, რომ სომხეთისა და საქართველოს პატივსაცემი სახელმწიფო უწყებები ეფექტიანად თანამშრომლობენ, რათა მოგვარდეს ის მწვავე პრობლემები, რომლებიც ყველა ჩვენგანს უდგას. მინდა ასევე გაცნობოთ, რომ მრავალი მათგანი უკვე მოგვარებულია, ორმხრივი ძალისხმევის შედეგად.
ჩვენს ერებს შორის ათასწლოვანი ძმური ურთიერთობა ვერასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ის ღრმა, საზიარო ღირებულებათა სისტემაზეა დამყარებული. მაშასადამე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ გამიზნულ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სოლიდარული სულისკვეთება ქართველი ხალხის მიმართ, ციფრულ და არაციფრულ სივრცეებში“.
ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელ პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლო ფაშინიანი კი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო იერიში აზერბაიჯანმა მიიტანა. მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, არც ერთი მხარე არ თანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე.