29 აპრილს 10:00 საათზე სასტუმრო ’’ციტრუსში’’ კომპანია „ნიარმედიკი“ ქართველი ექიმებისთვის სასწავლო ტრენინგს ჩაატარებს, სადაც მათ სხვადასხვა ფსიქოტიპის პაციენტებთან თანამედროვე ურთიერთობის უნარ–ჩვევებს ასწავლიან. ღონისძიებას დაესწრება თბილისის მასშტაბით მომუშავე 50-ამდე ექიმი წამყვანი კლინიკებიდან.
როგორც ”ფორტუნას” ”ნიარმედიკის” საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, ტრენინგის მთავარი მიზანია, ექიმებს გაუმარტივონ ურთიერთობა განსაკუთრებით რთულ პაციენტებთან.
”მოწვეული გვყავს ცნობილი ბიზნესტრენერი ანდრეი კასიანოვი რუსეთიდან, რომელსაც 1000 -ზე მეტი ტრენინგი აქვს ჩატარებული სხვადასხვა ქვეყანაში, ის ექიმებს ფსიქოლოგიურ ტრენინგს ჩაუტარებს და ეცდება, ასწავლოს მათ პაციენტებთან კომუნიკაციის მარტივად დამყარების მეთოდები. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თავად ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის”, – განაცხადა ”ნიარმედიკის” წარმომადგენელმა საქართველოში, ხათუნა ბასარიამ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია მსგავსი სახის ტრენინგებს ქართველი ექიმებისთვის ხშირად მართავს ხოლმე. გამოცდილების გაზიარების მიზნით, კვალიფიციური სპეციალისტები ჩამოდიან რუსეთიდან, ბელორუსიდან და მოლდოვადან.
ცნობისთვის, კომპანია „ნიარმედიკი“ – ბიოტექნოლოგიური სამედიცინო ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ნ.ფ. გამალეის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა დააარსეს 1989 წელს და ერთ-ერთი უმსხვილესი დაწესებულებაა ეპიდემიოლოგიური და მიკრობიოლოგიური კვლევების სფეროში, პარიზის პასტერის ინსტიტუტსა და ბერლინის კოხის ინსტიტუტთან ერთად. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ინოვაციური პრეპარატების, ახალი დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემების და თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობების შექმნა და დანერგვა სამედიცინო პრაქტიკაში.
ქართულ ბაზარზე კომპანია „ნიარმედიკი“ 4 წელია, რაც წარმოდგენილია. ”ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ ფარმაციის მიმართულებით ვმუშაობთ. ”ნიარმედიკის” მიერ შექმნილი ბრენდია მედიკამენტი „კაგოცელი“, რომელიც სრულიად საქართველოს მასშტაბით ყველა სააფთიაქო ქსელში იყიდება”, – აღნიშნა ”ნიარმედიკის” წარმომადგენელმა საქართველოში.
როგორც მან განმარტა, ”კაგოცელი”ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ებრძვის გრიპის ვირუსს და განკუთვნილია როგორც მოზრდილებისთვის, ასე ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. მისი ღირებულება კი, როგორც კომპანიაში ამბობენ, ანალოგ მედიკამენტებთან შედარებით გაცილებით დაბალია.