თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში წარმოებული ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო უნიფორმებით არიან უზრუნველყოფილი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „დელტა ტექსტილი“ უწყვეტ რეჟიმში ამარაგებს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციით.
„საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკაში იკერება. აქვე მიმდინარეობს საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, საპატრულო ჩანთების, საველე ჩანთების, სანივთე ტომრების, თეთრეულის და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.
შპს „დელტა ტექსტილი“ სსსტც „დელტას“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის ძირითადი საქმიანობა თავდაცვის ძალების სამხედრო ტანსაცმლით, რბილი ინვენტარითა და საველე აღჭურვილობით უზრუნველყოფაა. კომპანია პანდემიის თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც უზრუნველყოფდა უნიფორმით, თუ ტექსტილის სხვა ნაწარმით თავდაცვის ძალების შეუფერხებელ მომარაგებას“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.