„ამ ყველაფერში თქვენ ხართ ის ჯარისკაცები, რომლებიც ამ ქვეყანას ახალ ეტაპზე გადაიყვანენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ აქ არ გავჩერდებით, ჩვენ უკან არ წავალთ, ჩვენ წინ მივდივართ, თქვენ ხართ წინა ფლანგზე, წინა ფრონტზე და მოგილოცავთ ყველას წინასწარ“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა, USAID-ის ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის“ მიერ მხარდაჭერილ ექვსთვიანი სასწავლო პროექტის დასრულების აღსანიშნავ დასკვნით ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლმა“ განახორციელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით
სალომე ზურაბიშვილმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მიმართა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში „მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მოქმედი და მომავალი იურისტების, პროფესიონალების პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების“ სასწავლო კურსი გაიარეს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის მონაწილეებმა გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვას ეხებოდა. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, ,,ქართული ქარტიის“ დანიშნულებაზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარსადგენი კანდიდატურის შერჩევის უმნიშვნელოვანეს პროცესზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისი გადაწყვეტილებით შექმნილი კომისიის ფარგლებში, მიმდინარეობს.
„მინდა ყველას მოგილოცოთ ამ პროგრამის დასრულება. ეს საქმე თქვენთვის უკვე ყოველდღიური საქმე გახდება და დარწმუნებული ვარ ეს გამოცდილება მთელი თქვენი ცხოვრების გზაზე გამოგყვებათ. მე დიდი ხანია მხარს ვუჭერ ,,მართლმსაჯულების სახლს“, არაერთხელ ვყოფილვარ ზუგდიდსა და თბილისში, დღეს კი აქ ვარ, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ქართველისა და საქართველოსთვის სამართლიანობა ყოველთვის იყო ის უმთავრესი, რაც გვამოძრავებდა, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობას, ჩვენი, როგორც ერისა და როგორც სახელმწიფოს არსებობას. ეს არის ქართველის პიროვნული მახასიათებელი; თუმცა, ამავდროულად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სამართალი და მართლმსაჯულება, რათა მოქალაქეებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი სისტემა მიაწოდოს ხალხს.
ეს ასე არ არის ყველა ქვეყანაში, ყველა ხალხს თავისი მახასიათებლები აქვს, მაგრამ აქ ასეა, ქართველები არ გამოდიან ქუჩაში რაღაც სოციალური მიზნის მისაღწევად, შესაძლოა, ჯგუფურად ვინმე გამოვიდეს, ეს გასაგები და საჭიროა, მაგრამ მასობრივად, ქართველი სწორედ სამართლიანობისა და ქვეყნისათვის გამოდის. ანუ სამართლიანობაა, როცა შენ შენს ქვეყანას დიდი ქვეყნისგან იცავ; სამართლიანობაა, როცა შენ გინდა ყველა ადამიანს ჰქონდეს ქვეყანაში განვითარების საშუალება; სწორედ, ამას ემსახურებით თქვენ, ამას ემსახურება ,,მართლმსაჯულების სახლი“.
ამას ემსახურება ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი, როცა თავის რეკომენდაციებში გვთხოვს, რომ გავმართოთ ეს სისტემა, მოვხსნათ ამ სისტემიდან ის, ვინც ხელს უშლის მის გამართულად მუშაობას. ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ითხოვს, რომ მოვხსნათ ამ სისტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას გასაქანს არ აძლევს და ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა. ამას ემსახურება ასევე, ის ,,ქართული ქარტია“, რომელიც ახლა შევქმენით, რომელსაც (და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ), ყველა იმ პარტიამ მოაწერა ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროევროპული პარტიებიდან, ვინც არ უნდა აირჩიოს და შეარჩიოს ქართველმა საზოგადოებამ ისინი ვალდებული არიან შეასრულონ ამ ქარტიის მთავარი ნაწილი, მთავარი ნაწილი კი, სწორედ, ძალიან დაჩქარებულ ვადებში მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორებაა. ის აუცილებლად გამოსწორდება, ამის გარეშე ჩვენ შიშველნი ვართ, თუ შენ შენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გიცავს, მაშინ შენ არაფერი გაგაჩნია, არც პირადი ცხოვრება, არც პირადი ცხოვრების დაცვა, არც ეკონომიკა, არც შენი ინვესტიციების დაცვა, არც არანაირი წამოწყების დაცვა. შენ შიშველი და დაუცველი ხარ და ასეთი ქვეყანა არ არის სახელმწიფო, ეს არის რაღაც ქვეყანა, რომელიც არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან სერიოზული და ძალიან გადამწყვეტი მომენტია. თქვენ, ახალგაზრდებს ძალიან დიდი როლი გექნებათ იმაში, რომ ეს ,,ქართული ქარტია“ გაიტანოთ და აუხსნათ თქვენს ირგვლივ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით და ჰგონიათ, რომ ეს რაღაც ძალიან იურიდიული საკითხია. არა, ეს ყოველდღიურობის საკითხია. სწორედ ქარტიაში წერია, წინასწარ ამნისტია გამოცხადებულია და ხელმოწერილია ყველა ამ პარტიის მიერ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტში, ყველას შეეხება ეს ამნისტია, რადგან ეს მათ მიმართ ჩადენილი უსამართლობაა.
ეს ადამიანები გამოხატავდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავისუფალ შეხედულებას, თავიანთ თავისუფალ პროტესტს. ამ თვეში მე მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი წარვადგინო, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც სწორედ მოდელირებულად, ერთგვარად იმ პროცესს ჩაატარებს, რომელიც ქარტიაშია გაწერილი და რომელსაც უცხო ენაზე “ვეტინგი” ჰქვია და ჩვენთან გადასინჯვა, თუ შემოწმება, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის იმ მოსამართლეების, ვინც ახლად შედის ამ სისტემაში და ვინც უკვე არის, რადგანაც ეს არის მოთხოვნა. ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე… გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე. ამიტომ მე ვუერთდები გამჭვირვალობის თემას, ოღონდ იმ მიმართულებით და იქ, სადაც ნამდვილად გვჭირდება სრული გამჭვირვალობა. ამ ყველაფერში თქვენ ხართ ის ჯარისკაცები, რომლებიც ამ ქვეყანას ახალ ეტაპზე გადაიყვანენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ აქ არ გავჩერდებით, ჩვენ უკან არ წავალთ, ჩვენ წინ მივდივართ, თქვენ ხართ წინა ფლანგზე, წინა ფრონტზე და მოგილოცავთ ყველას წინასწარ“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ,,სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრ მართლმსაჯულების სახლის’’ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთობლივი პროექტი მესამე წელია ხორციელდება და მოიცავს როგორც პრაქტიკულ მასტერკლასებს, ტრენინგებს, ასევე საჯარო ლექციებს, დისკუსიებს სამართლის სხვადასხვა თემაზე და კომპლექსურ სწავლებას. პროექტი მომავალი პროფესიონალების მომზადებით მართლმსაჯულების სისტემის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.