LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყაზბეგში პროდუქტის დეფიციტია, 12 საათის შემდეგ პურის შეძენა შეუძლებელია. დაბალბიუჯეტურ Guest house-ებს ქირაობენ 1 დღით და შემდეგ გზას აგრძელებენ”/ ანი ალიბეგაშვილი რუს მიგრანტებზე საუბრობს / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

28
ანი ალიბეგაშვილი

კოსმოსიდან გადაღებულ სატელიტურ კადრებში კარგად ჩანს 15 კილომეტრიანი რიგი ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მობილიზაციას გამოექცნენ, საქართველოში შემოსვლას ცდილობენ. რუსი მიგრანტების ასეთი ნაკადი გამოწვევა შეიძლება გახდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თუმცა მოკლევადიან პერიოდში მას შეიძლება ეკონომიკური ეფექტიც ჰქონდეს. სტეფანწმინდაში, რომელიც რუსი ტურისტ/მიგრანტების პირველი გაჩერებაა, რამდენიმე დღის წინ მაღაზიების დახლებიც კი დაცარიელდა.

„ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“, სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო „Step Inn“-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა ისაუბრა, რა მდგომარეობაა ყაზბეგის რაიონში?

– რა მდგომარეობაა სტეფანწმინდაში და ზოგადად ყაზბეგის რაიონში? ვიცი, რომ ძალიან ბევრი რუსი, მიგრანტია ჩამოსული.

ვერ ვუწოდებთ მათ, ვერც ვიზიტორებს, რომლებიც 2 დღით შემოდიან, არც ტურისტები არიან, რომლებიც 10 ან 14 დღეს გაატარებენ საქართველოში და შემდეგ დატოვებენ ქვეყანას. მით უმეტეს ლტოლვილები არ არიან, რადგან ამ სტატუსით ბევრი მოქალაქე გვყავს საქართველოში, რომლებიც მათი ქვეყნის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან.

დიდი ნაკადია, რადგან ყოველდღიურად 10 ათასობით ადამიანი გადმოდის საზღვარზე, ტოვებენ მანქანებს, ქირაობენ ველოსიპედებს თვითგორია მოწყობილობებს, ცდილობენ გადმოლახონ საზღვარი მანამ, სანამ მორიგი აქტი შევა ძალაში და მათი ქვეყნის პრეზიდენტი რიგით ცხოველურ წესს მიიღებს მათი ჯარში გამოძახების მიმართულებით.

სტეფანწმინდაში ძალიან ბევრი რუსულ ნომრიანი ავტომობილი გვხვდება, ფაქტობრივად ქართულს სჭარბობს. ამ ეტაპზე ეკონომიკურ ეფექტსაც ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სასტუმრო მაღალბიუჯეტურ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს, ჩვენთან ნაკადი დიდად შეცვლილი არ არის.

რუსები, რომლებიც საზღვარს კვეთენ, ძირითადად ავტოტრანსპორტის მომსახურებით სარგებლობენ და იძვრებიან თბილისისკენ და სხვა დიდი ქალაქებისკენ.

ყაზბეგში ნამდვილად არის პროდუქტის დეფიციტი, რაც ძირითადად პურზე აისახება, რადგან 12 საათის შემდეგ პურის შეძენა შეუძლებელია. თუ გადაღლილები არიან შედარებით დაბალბიუჯეტურ Guest house-ებს ქირაობენ 1 დღით და შემდეგ გზას აგრძელებენ.

არ ვიცი რა ეფექტი ექნება მათ დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ, სამუშაო ძალას შექმნიან, არ შექმნიან, ვინ არიან, რა უსაფრთხოებას გადიან, რა ფილტრაცია არის მათი. ყაზბეგის რეგიონი ამას ძალიან მტკივნეულად უყურებს, არაერთი განგაში გვაქვს გამოცხადებული ამ მიმართულებით. ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ მთავრობას, მოხდეს სწორი რეაგირება, რადგან ეს ჯარგამოვლილი, წვრთნაგავლილი ადამიანები, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს, შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემა გახდეს.

– ანი აღნიშნე, რომ ძირითადად სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობენ და ცდილობენ მალევე წავიდნენ დიდ ქალაქებში. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, გასაგებია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პროდუქციის გაყიდვაზე, სასტუმროების ან Guest house-ების შემოსავალზე აისახოს, თუმცა აღნიშნე შენც, რომ რისკი საკმაოდ მაღალია, რომ ეს ადამიანები 2-3 დღით ჩამოსულები არ არიან. მომავალში, შესაძლოა მათ მიერ გამოწვეულმა უსაფრთხოების პრობლემებმა შესაძლოა ეკონომიკური ზიანიც კი მიაყენოს ქვეყანას. 

რა თქმა უნდა, ისინი თავშესაფარს მოითხოვენ. ადგილზე ვაკვირდებით პროცესებს და ვასხვავებთ ტურისტსა და ამ ნაკადს ერთმანეთისგან. ესენი არ წარმოადგენენ იმ სეგმენტს, რომელიც ქვეყანაში ჩამოვლენ და ფულს დახარჯავენ. სერიოზული პრობლემა იქნება, როგორც ბინების დაქირავების შემთხვევაში, რადგან ერთის მხრივ გაზრდილი საფასო პოლიტიკაა და მეორეს მხრივ, სახლდებიან და ბინებს აღარ ტოვებენ. ჩემი დაკვირვებით ეს არის ზუსტად ის სეგმენტი, რომლებიც პრობლემებს შეგვიქმნის. შესაძლოა 1 თვის განმავლობაში მათ, რაღაც სახსრები  გამოყონ და დახარჯონ, თუმცა მათ ბარგსაც, რომ გადახედოთ, ისინი გრძელვადიანი მიზნებით არიან ჩამოსულები საქართველოში. მძიმე ტვირთად დააწვებიან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს და ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ თავად გვიჭირს საკუთარი ლტოლვილების და მოსახლეობის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.

– ზოგი ველოსიპედით გადმოდის, საინტერესოა როგორ ახერხებს ამ ბარგის შემოტანას. ოღონდ თავი დააღწიონ რუსეთს და ომში წასვლა არ მოუწიოთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან უკვე ეს ადამიანები.

ტრაგიკომიკური სიტუაციაა, რადგან ისეთ სურათს ნახავთ ადგილზე ადამიანური თვალსაზრისით სხვა თანაბარ პირობებში შესაძლოა შეგცოდებოდა, მაგრამ არ მგონია იმის დრო ჰქონდეს საქართველოს, რაიმე სენტიმენტები ჩართოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით.

უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო და მთავრობამ სწორად უნდა დაინახოს და აღმოფხვრას ეს პრობლემა, რომელიც ახლა ვლადიკავკაზის მხრიდან საქართველოსკენ მოედინება.

– შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რითაც თითქოს სცადა საზოგადოების დამშვიდება, რომ ბევრნი არ არიანო. რუსეთის 78 000 მოქალაქეა შემოსული 10 დღის განმავლობაში და ამ ტემპებით თუ გაგრძელდა, რამდენიმე დღეში შეიძლება ეს რიცხვი ავიდეს 100-150 ათასამდე. თუ დავაკვირდებით მოქალაქეების რეაქციას, ყველა ითხოვს საზღვრის ჩაკეტვას. მესმის, რომ მთლიანად რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა ან სავიზო რეჟიმის შემოღება, ტურიზმის სექტორისთვის, დამაზიანებელი შეიძლება იყოს, მაგრამ აქ ალბათ გრძელვადიან ეფექტზეც უნდა ვიფიქროთ. საბოლოო ჯამში რა შედეგს მივიღებთ ამით?

რა თქმა უნდა, ემბარგოს პერიოდში იყო პრობლემები ტურიზმის სექტორში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში რთული იყო ადაპტირება, თუმცა ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის ისტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ ალტერნატიული ბაზრები მოვიძიოთ და მოვიზიდოთ ევროპელი ტურისტი. იმაზე კონცენტრირება, რომ დღეს თუ ჩვენ რუს სტუმარს დავკარგავთ, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემას შექმნის არასწორია. გრძელვადიანად მათი ამ ქვეყანაში ყოფნა შექმნის პრობლემას, რადგან ფაქტობრივად დაწყებულია პროცესი, ქართველები გაედინებიან საქართველოდან, მიდიან უცხოეთში სამუშაოდ და მათ ადგილს რუსები იკავებენ.

თუ გრძელვადიანად ის უფრო პრობლემაა, რომ შემოსავალი დავკარგოთ დროებით, მაგრამ სანაცვლოდ მივიღოთ გარუსებული და ქართველობა წართმეული საქართველო, მაშინ შეგვიძლია ასეც განვიხილოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები