გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. 19 წლის ფეხბურთელი „გენტის“ ძირითადში იყო და „ოოსტენდესთან“ გასვლითი შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა.
გიორგის გადაცემით მე-18 წუთზე ანგარიში სტალონე ლიმბომბემ გახსნა. 59-ე წუთზე გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა თავად გაიტანა – 0:3. 87-ე წუთზე სტალონემ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლიც ჩაკვეტაძემ შექმნა: მეკარემ ქართველის ძლიერად დარტყმული ბურთი უხეიროდ მოიგერია და სტალონემ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ გიორგის მეორე ასისტი არ ჩაუწერეს, „გენტმა“ კი გასვლზე 4:0 მოიგო.
ჩაკვეტაძეს იუპილერ ლიგაში 11 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო “გენტი” 17 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.
სლოვაკეთის ჩემპიონატის 12-ე ტურის შეხვედრაში, მოქმედმა ჩემპიონმა ტრნავას „სპარტაკმა“ „სენიცას“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.
„სპარტაკის“ რიგებში, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა თავი 73-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ანგარიში 3:1 იყო.
მატჩში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, დავით სხირტლაძემ მიიღო, რომელიც მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა. ტრნავას „სპარტაკი“ 12 ტურის შემდეგ, 14 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
სეზონში პირველი გოლი გაიტანა საბა კვირკველიამაც.
ეს მის კარიერაში რუსეთის პრემიერლიგაში მეექვსე გოლი იყო. როდესაც საბას გააქვს, მისი გუნდი თამაშს არ აგებს.
„ლოკომოტივმა“ 2:1 მოუგო „როსტოვს“, ქართველმა გადამწყვეტი გოლი მე-60 წუთზე გაიტანა.
კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი. „სარაგოსას“ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი გამოჯანმრთელდა. ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან იძულებითი პაუზის შემდეგ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა.
„პირველი ვარჯიში გუნდთან ერთად სამი კვირის შემდეგ დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რთული პერიოდის მერე ერთად უნდა მოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი და ვიაროთ წინ“, – დაწერა გიორგიმ.